„ბრაზილიის თამაში ამაზრზენი იყო“ - ჯორკაეფის აქცენტი ნეიმარზე
ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელების გარდა, ბრაზილიის ნაკრების ასპარეზობით უკმაყოფილო მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე წარსულში ის ცნობილი მოთამაშეებიც დარჩნენ, რომელთაც თავის დროზე უძლიერეს სელესაოსთან დაპირისპირება რამდენჯერმე მოუწიათ და მაშინდელი ბრწყინვალე თაობის შესაძლებლობები საკუთარ თავზე აქვთ გამოცდილი. მათ რიგებს მიეკუთვნება იური ჯორკაეფი, რომელიც 1998 წელს საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი ფინალში სწორედ ბრაზილიის ეროვნული გუნდის დამარცხების შემდეგ გახდა.
იური ჯორკაეფი
ამ ფორმაციის ბრაზილიის ნაკრების თამაში უბრალოდ ამაზრზენი იყო. მოედანზე შესული 34 წლის ნეიმარი რომ საუკეთესო იქნება, რაზეა საერთოდ საუბარი? მას 5 წელი ფეხბურთი წესიერად არც ჰქონდა ნათამაშები და მაინც მხოლოდ ნეი ახერხებდა რაიმე ღირებულის შექმნას. სად იყვნენ ტექნიკურებად შერაცხული სხვა ბრაზილიელი ფეხბურთელები? ახლა არ მითხრათ, რომ გუნდს ლუკას პაკეტა აკლდა, რადგან მაინც არ დაგიჯერებთ.
ეს მატჩი კარგი დასტურია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ფორვარდი და როგორი არ უნდა იყოს. ყველამ კარგად ნახეთ მეორე გოლისას, დრო და სივრცე როგორ ზუსტად შეაფასა ერლინგ ჰოლანდმა და ამ დროს რა გააკეთა მეკარესთან პირისპირ გასულმა ენდრიკმა? მის ადგილზე ლუის ნაზარიო რონალდო რომ ყოფილიყო ტექნიკური დარტყმით მეკარეს უბრალოდ გაანადგურებდა და ასეთ მომენტს ათიდან ათს გამოიყენებდა.
შეგახსენებთ, რომ იური ჯორკაეფი საფრანგეთის ნაკრების ღირსებას 1993-2002 წლებში იცავდა „სამფეროვნების“ რიგებში 1998 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი, 2000 წელს ევროპის პირველობა, ხოლო 2001 წელს კონფედერაციის თასი მოიგო.