იბერია 1999
Aa
Aa

„ტექნიკურად ძალიან ძლიერები არიან“ - ფლორაში იბერიასთან მარცხზე ისაუბრეს

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, „იბერია 1999“ სტუმრად ესტონურ „ფლორას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 3:2 გაიმარჯვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ფლორას“ მთავარმა მწვრთნელმა, კონსტანტინ ვასილიევმა განვლილი მატჩი შეაფასა:

„პირველი 25 წუთის განმავლობაში მარტივ სიტუაციებში ბურთის შენარჩუნება ვერ შევძელით და ამის ხარჯზე მოწინააღმდეგემ ინიციატივა ხელთ იგდო. მეორე ტაიმში ცვლილება იგრძნობოდა და არ ჩანდა, რომ მეტოქემ ტემპს დაუკლო. შევძელით რთული სიტუაციებიდან გამოსვლა, ბურთის შენარჩუნება და გაჩნდა სივრცეები სათამაშოდ“.

„რთული მეტოქეა, მაგრამ მათთან თამაში შესაძლებელია. საქართველოში, თამაშის დასაწყისის გათვალისწინებით, ნორმალური შედეგით მივემგზავრებით. რა თქმა უნდა, მათი უპირატესობა ისაა, რომ ერთი ბურთით იგებენ და, ალბათ, თავიდანვე შეტევაში წასვლა არ დასჭირდებათ. ვფიქრობ, ჩვენც გაგვიჩნდება ჩვენი შანსები, მაგრამ ნებისმიერი პატარა შეცდომა შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს“.

„იბერია 1999“-სთან მარცხზე „ფლორას“ ფეხბურთელმა და ერთ-ერთი გოლის ავტორმა, სანდერ ალამაამაც ისაუბრა. ფეხბურთელმა ეროვნულ ლიგასთან შედარებით, დონეებს შორის სხვაობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ „იბერიას“ ფეხბურთელები საკმაოდ ტექნიკურად თამაშობდნენ:

„მსგავსი რამ ესტონეთის ლიგაში საერთოდ არ არის, შესაძლოა მხოლოდ „ლევადიაში“. შეიძლება ფიზიკურად ბოლოს ვიგრძენით, რომ მათზე უკეთესები ვიყავით, მაგრამ ტექნიკურად ძალიან, ძალიან კარგი მოთამაშეები არიან და საყვედური არაფერზე ეთქმით“.

„როდესაც ანგარიში გავათანაბრე, განცდა ენით აუწერელი იყო, ამისთვის სიტყვები არ მყოფნის. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კაცნაკლულებმა ასეთი გადამწყვეტი გოლი რომ გავიტანეთ და ანგარიში 2:2 გავხადეთ, ძალიან გიჟური განცდა იყო, მაგრამ ეს სიხარული მალევე წაგვართვეს“.

„პირველი ორი გოლის დროს ცოტა ზედმეტად ვნერვიულობდით, ან ჯერ კიდევ არ ვიყავით გამოფხიზლებულები. მეორე გოლის მიღების შემდეგ გავაცნობიერეთ, რომ, კარგი, თამაშის დაწყებაა საჭირო და საბედნიეროდ ერთი გავქვითეთ. მერე ვიგრძენით, რომ რეალურად შანსიც გვქონდა. ხოლო მეორე ტაიმში სიტუაცია გამოვასწორეთ და თამაშიც მაშინვე ბევრად უკეთესი გახდა“.

„ვფიქრობ, ეს მინიმალური სხვაობა საერთოდ არ არის საგანგაშო. მეორე თამაში საკმაოდ საინტერესო იქნება. პატარა სასწაული გვჭირდება, მაგრამ მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ“.

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი თბილისში, 14 ივლისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„როდესაც ანგარიში გავათანაბრეთ, მეგონა მოვიგებდით, მაგრამ...“ - ფლორას მეკარე
„როდესაც ანგარიში გავათანაბრეთ, მეგონა მოვიგებდით, მაგრამ...“ - ფლორას მეკარე