მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„იანი ჩემთვის უხერხული მეტოქეა, მეგონა მასთან მაისში ვიჩხუბებდი“ - დვალიშვილის კომენტარი

მერაბ დვალიშვილი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და RAF Georgia-სთვის მზადების ბოლო ეტაპს სამშობლოში გაივლის. 11 ივლისს, „თბილისი არენას“ დარბაზში პრესტიჟული ამერიკული საჭიდაო ორგანიზაციის მორიგი ღონისძიება გაიმართება, რომლის მთავარ ორთაბრძოლაშიც UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველი პირველი ნომერი ჰენრი სეხუდოს შეხვდება. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, მერაბმა ქართული მედიისთვის ვრცელი კომენტარი გააკეთა და არამხოლოდ მოახლოებულ RAF-თან დაკავშირებულ ამბებზე, არამედ UFC-ის საქართველოში შესაძლო ჩატარებასა და პიოტრ იანთან რემატჩის სავარაუდო თარიღზე ისაუბრა.

მერაბ დვალიშვილი

მოხარული ვარ, რომ თბილისში ასეთი მნიშვნელობის სპორტული ღონისძიება ტარდება. RAF-ი ძალიან დიდი ორგანიზაციაა, რომელსაც ფართო აუდიტორია ჰყავს და პირველ გასვლით ივენთს სწორედ საქართველოში ატარებს. მადლობა ღმერთს, რომ მთავარ ბრძოლაში ვმონაწილეობ და ვეცდები ჩემი ქვეყანა ვასახელო. ჰენრი სეხუდოსთან ჭიდაობა ჩემთვის ადვილი არ იქნება, რადგან შერეულ ორთაბრძოლებზე ვარ კონცენტრირებული და ამ ერთ კვირას ჭიდაობისთვის მოსამზადებლად მაქსიმალურად გამოვიყენებ.

2011 წლის შემდეგ საქართველოში არც ერთ შეჯიბრებაში არ მიმიღია მონაწილეობა, თუმცა ქართველი გულშემატკივრების მხარდაჭერის ნაკლებობა არასოდეს მიგრძვნია და მათი დიდი ნაწილი ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ჩამოდის ხოლმე, რათა UFC-ში ჩემს ბრძოლებს დაესწრო. ბოლო პერიოდში ფსიქოლოგიურად და მენტალურად იოლი პერიოდი არ მქონია, რადგან სულ ინტერნეტისკენ ვიყურები და ჰეითერების შემოტევების მოგერიება მომიხდა. იმედია ეს მომენტი ჩემს ჭიდაობაზე უარყოფითად არ იმოქმედებს, გავალ ხალიჩაზე და საკუთარ საქმეს მშვიდად გავაკეთებ.

რაც შეეხება სპარინგებს, დაგეგმილი მაქვს ვარჯიში ავთანდილ კენჭაძესთან ერთად, შემდეგ უკვე გორში ვაპირებ ჩასვლას, სადაც ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დამეხმარება. მალე ჩამოვა ზურაბ იაკობაშვილიც, წინა ჭიდაობამდე კი რჩევებს გივი მაჭარაშვილისგან ვიღებდი. მოკლედ ჩვენი ბიჭები მაქსიმალურად დამეხმარებიან, რომ ჭიდაობის წესები კიდევ უფრო კარგად ავითვისო.

ჰენრი სეხუდოსთან ჩემი უპირატესობა იქნება გამძლეობა. იცით, რომ კარგი კარდიო მაქვს, თუმცა სეხუდოს პლუსი არის ის, რომ კარგად შედის ფეხში და კარგად მოძრაობს. MMA-ში მასთან ჭიდაობა პრობლემა არ იყო, თუმცა წმინდა წყლის ჭიდაობაში ნამდვილად იქნება.

UFC-ის ბრძოლებზე თუ გახარებული და მოტივირებული გავდივარ, RAF-ის ჭიდაობის წინ ცოტას ვნერვიულობ ხოლმე, მაგრამ უშუალოდ ედგართან ჭიდაობისას საკმაოდ მობილიზებული ვიყავი, არ ვიჩქარე და ყველაფერი გამიადვილდა. მოჭიდავე კი ვარ, მაგრამ არა თავისუფალი სტილით მოჭიდავე. მე ვარ ძიუდოისტი, მერე ვჭიდაობდი სამბოს, ქართულ ჭიდაობას და MMA-შიც ამ ყველაფერს ვიყენებ.

საქართველოში UFC-ის ერთ-ერთი ღონისძიების ჩატარებაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. როგორც ვიცი, ეს მოხდება 2027 წლის გაზაფხულზე და ვნახოთ, იმედია ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება. ძალიან მინდა ამ ქარდზე მონაწილეობის მიღება და იმედია სხვა ქართველი მებრძოლებიც შემომიერთდებიან. დენა უაითისა და ჰანტერ კემპბელის მოთხოვნა იყო 15 ათას მაყურებელზე გათვლილი დარბაზი, თუმცა საქართველოში ასეთი არ მოიძებნება და როგორც ვიცი, ლოკაციად „თბილისი არენა“ განიხილება, რომლის ტრიბუნებიც 10 ათას გულშემატკივარზეა გათვლილი.

ჩემთვის მთავარი შერეული ორთაბრძოლები და UFC-ის საჩემპიონო ქამრის დაბრუნებაა. სიმართლე გითხრათ, ველოდი, რომ პიოტრ იანთან რემატჩს მაისში ჩავატარებდი, რადგან დენა უაითმა მითხრა, რომ იქიდან გამომდინარე, რომ მე ქართველი ვარ, ის კი რუსი, ჩვენი ორთაბრძოლა თეთრი სახლის ღონისძიებაზე გამორიცხული იყო. თუმცა, რაღაც ოპერაციები გაიკეთა და ჩემი ინფორმაციით, რემატჩს სექტემბერში, ან ოქტომბერში ჩაატარებენ.

ეს პაუზა იანს რაღა თქმა უნდა ხელს აძლევს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მე არ ვწყვეტ ვარჯიშს, RAF-ის ღონისძიების დასრულებისთანავე შტატებში დავბრუნდები. უკვე დავიწყე ახალი მწვრთნელების ძებნა და სპარინგ-პარტნიორების მოძიება, რათა რა შეცდომებიც წინა ბრძოლის მოსამზადებელ პერიოდში დავუშვი, აღარ გავიმეორო. პიოტრი ჩემთვის უხერხული და რთული მეტოქეა და როგორც მან შეცვალა ვარჯიშები, ისე უნდა შევცვალო მეც და ჭკვიანურად მოვემზადო.

შეგახსენებთ, რომ RAF Georgia-ს ღონისძიებას 11 ივლისს, „თბილისი არენას“ დარბაზი უმასპინძლებს და ბრძოლები 20:00 საათიდან დაიწყება. აქვე გეტყვით, რომ მერაბ დვალიშვილი და ჰენრი სეხუდო UFC-ში ერთმანეთს 2024 წლის 17 თებერვალს დაუპირისპირდნენ და მაშინ მერაბმა მეტოქე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისლამთან ოქტაგონს სიამოვნებით გავიზიარებ“ - ჰოლოუეი ორმაგ ჩემპიონობას უმიზნებს
„ისლამთან ოქტაგონს სიამოვნებით გავიზიარებ“ - ჰოლოუეი ორმაგ ჩემპიონობას უმიზნებს