რატომ გაურბის გეიჯი რემატჩს? ჰოლოვეის პასუხი
მომავალ კვირას ჯასტინ გეიჯი კონორ მაკგრეგორისა და მაქს ჰოლოვეის ბრძოლაზე დასწრებას გეგმავს, თუმცა მიანიშნა, რომ თუ ჰოლოვეი ირლანდიელის დამარცხებას შეძლებს, მასთან რევანში დიდად არ აინტერესებს.
„მაქსმა ნოკაუტში ჩამაგდო, მაგრამ მგონია, რომ ეს ვალი მას ილია თოფურიას დამარცხებით დავუბრუნე“, – განაცხადა გეიჯიმ ჯიმ რომთან ბოლოდროინდელ ინტერვიუში, თანამემამულესთან რევანშის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.
ჰოლოვეიმ, რომელმაც 2024 წელს BMF-ის ტიტულისთვის ხუთრაუნდიანი ბრძოლის ბოლო წამზე გეიჯი მძიმე ნოკაუტში ჩააგდო, მსუბუქ წონაში UFC-ის ახალი ჩემპიონის სიტყვებზე ღიმილით გააკეთა კომენტარი.
„მეც ვნახე ჯასტინ გეიჯის სიტყვები და არ ვიცოდი, რომ თუ ვინმე სხვას ამარცხებ, ავტომატურად ამარცხებ მის იმ მეტოქეებსაც, რომლებმაც შენ მოგიგეს. ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, ტექნიკურად გამოდის, რომ კონორ მაკგრეგორი უკვე დავამარცხე, რადგან დასტინ პორიეს მოვუგე.
რა თქმა უნდა, ჩვენი ბრძოლა ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ ახლა მხოლოდ იმაზე ვარ კონცენტრირებული, რომ 11 ივლისს ოქტაგონზე ხელი მე ამიწიონ. შემდეგ კი – როგორც UFC გადაწყვეტს. ამ ორგანიზაციაში ყველაფერი შესაძლებელია. შეხედეთ, რა ბრძოლებს აწყობენ და რისი ორგანიზება შეუძლიათ. ჩემი ბოლო ბრძოლის შემდეგ ვინმეს რომ ეთქვა, შემდეგი მეტოქე კონორ მაკგრეგორი იქნებოდა, გიჟს დავუძახებდი. მაგრამ აი, აქ ვართ. ბრძოლამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა და მას მოუთმენლად ველი“,
– განაცხადა ჰოლოვეიმ MMA Fighting-თან ინტერვიუში.
ამასთან, ჰოლოვეიმ არ დაიშურა საქებარი სიტყვები გეიჯის მისამართით, რომელმაც 20 დღის წინ თოფურიას პროფესიონალურ კარიერაში პირველი მარცხი აგემა და საჩემპიონო ქამარი წაართვა.
„მაოცებდა, რომ ხალხს ჯასტინის საერთოდ არ სჯეროდა. მის გამარჯვებაზე ფსონი თავადაც არ დამიდია, მაგრამ ვფიქრობდი, რომ თუ მოიგებდა, ზუსტად ამ გზით. ველოდი, რომ ფეხებით მეტს იმუშავებდა, მაგრამ მან ეს ხელებით გააკეთა. მან დაამტკიცა, რომ ვცდებოდი. გავიდა და თავისი საქმე გააკეთა. ყოველთვის საინტერესოა იმის ყურება, როცა რომელიმე მებრძოლის გარშემო დაუმარცხებლობის აურა ჩნდება, ყველა მიუწვდომლად მიიჩნევს და მერე გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ამ მითს ანგრევს.
ვულოცავ ჯასტინს. ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, ბრძოლის გეგმას მიჰყვებოდა, ძალიან ჭკვიანურად მოქმედებდა, გონივრულად რისკავდა და ამან შედეგი გამოიღო. კორპუსში მიღებული იმ დარტყმების შემდეგაც კი გაუძლო. უბრალოდ ნამდვილი დემონია. ვულოცავ ჩემპიონს“,
– დასძინა ამერიკელმა.
კონორ მაკგრეგორისა და მაქს ჰოლოვეის ბრძოლა ქვესაშუალო წონაში 11 ივლისს, ლას-ვეგასში UFC 329 ტურნირის მთავარი მოვლენა იქნება.