„ეს უბრალოდ შეუძლებელია“ - იამალი რეალში შესაძლო ტრანსფერზე
„ბარსელონამ“ გასულ სეზონში ყველა შიდა ტურნირზე გაიმარჯვა და ესპანეთის ლა ლიგაში მოპოვებულ ჩემპიონის ტიტულთან ერთად, ესპანეთის თასისა და სუპერ თასის ოქროს მედლებიც მოიპოვა. კატალონიური გრანდის წარმატებაში ლომის წილი 17 წლის ლამინ იამალს მიუძღვის, რომელსაც იმდენად შთამბეჭდავი სეზონი ჰქონდა, რომ „ოქროს ბურთის“ მოგების ერთ-ერთ კანდიდატად ყველა თამამად ასახელებს. ესპანური სპორტული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში იამალს ჰკითხეს, რამდენად შესაძლებელია ოდესმე მისი „რეალში“ გადასვლა, რაზეც ასეთი პასუხი მიიღეს:
„ამას არასოდეს გავაკეთებ - უბრალოდ შეუძლებელია „რეალის“ წინადადებას დავთანხმდე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამეფო კლუბს არ ვაფასებ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ „ლა მასიაში“ გავიზარდე და რაც თავი მახსოვს, სულ „ბარსელონაში“ ასპარეზობაზე ვოცნებობდი. ახლა, როდესაც ეს ოცნება ამიხდა, აქედან თუ არ გამაგდებენ, არსად წასვლას არ ვგეგმავ“.
ცნობისათვის, ლამინ იამალი ამჟამად ესპანეთის ნაკრების საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება და საფრანგეთის ნაკრებთან უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩისთვის ემზადება. მეორე ფინალისტის ვინაობა კი, გერმანია-პორტუგალიის დაპირისპირებაში გაირკვევა.