შერმადინის 14 ქულა - ლაგუნა ტენერიფემ პლეი ოფი მოგებით გახსნა
„ლაგუნა ტენერიფემ“ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის პლეი ოფის ეტაპი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. კანარის კუნძულების გუნდმა საკუთარ დარბაზში „ხოვენტუტი“ 15-ქულიანი სხვაობით, 96:81 დაამარცხა. ეს მატჩი მარსელინიო უერტასის ნამდვილ შოუდ გადაიქცა, რომელმაც ექვსიდან ხუთი სამქულიანი, თორმეტიდან შვიდი ორქულიანი, თერთმეტიდან ათი საჯარიმო ჩააგდო და 31 წუთში 39 ქულა, 1 მოხსნა, 6 ასისტი და 1 ჩაჭრა დააგროვა.
რაც შეეხება გიორგი შერმადინს, მან პარკეტზე გატარებულ 23 წუთში თავი 14 ქულით, 9 მოხსნით, 4 ასისტითა და 1 დაფარებით გამოიჩინა და ორმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა. 36 წლის ქართველმა კალათბურთელმა რვიდან შვიდი ორქულიანი ჩააგდო, ხოლო პერიმეტრიდან და საჯარიმოს ხაზიდან ერთხელაც არ უსვრია. მოხსნების რაოდენობით შერმადინი ორივე გუნდში საუკეთესო იყო და ცხრიდან ხუთ შემთხვევაში ამის გაკეთება თავდასხმაში ასპარეზობისას შეძლო.
ამ გუნდებს შორის სერიის მომდევნო, რიგით მეორე მატჩს „ხოვენტუსის“ საშინაო დარბაზი უმასპინძლებს და თამაში 4 ივნისს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.