საკონტროლო მატჩი - საქართველო ჩეხეთთან დამარცხდა
Aa
Aa

საკონტროლო მატჩი - საქართველო ჩეხეთთან დამარცხდა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ჩეხეთში ადგილობრივ გუნდთან საკონტროლო მატჩი გამართა. ეს გახლდათ „ჯვაროსნების“ ბოლოსწინა ამხანაგური შეხვედრა ევროპის ჩემპიონატის წინ. მატჩი დახურული ხასიათის იყო და რეპორტაჟი არ გადაიცემოდა. ჩეხეთმა თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და საბოლოოდ 103:83 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრებს ვერ ეხმარებოდა თორნიკე შენგელია, რომელიც ესპანეთშია და გულის პრობლემების გამო გუნდთან ერთად არ იმყოფება. ექიმები გვაიმედებენ, რომ თოკო ევრობასკეტზე ნაკრებთან ერთად იქნება.

ჩეხეთთან მატჩში 14 წუთი ითამაშა რატი ანდრონიკაშვილმა, რომელმაც წინა შეხვედრაში, პოლონეთთან, ფეხი გადაიბრუნა. ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და რატიმაც ჩეხეთთან 3 ქულა ჩააგდო.

მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა დაასვენა სანდრო მამუკელაშვილი. მისი და შენგელიას არყოფნაში სასტარტო ხუთეული ასეთი იყო: კამარ ბოლდუინი, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი კორსანტია და გოგა ბითაძე.

ბოლდუინს შედეგიანი მატჩი ჰქონდა – 14 ქულა და 9 პასი; 17-17 ქულით დაასრულეს შეხვედრა შეცვლაზე შესულმა დუდა სანაძემ და გიორგი შერმადინმა; 11 ქულა და 6 მოხსნა ჰქონდა გოგა ბითაძეს; 8 ქულა – ბექა ბურჯანაძეს.

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტამდე ბოლო ამხანაგურ მატჩს ისევ ჩეხეთთან, 21 აგვისტოს გამართავს.

წყარო - 1TV 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები