ანდრონიკაშვილი გამოჯანმრთელდა - მზადების დასკვნითი ეტაპი
საქართველოს ეროვნული გუნდი მზადების ბოლო ეტაპს პრაღაში გადის. მთავარი მწვრთნელის ალექსანდარ ჯიკიჩის განკარგულებაში 15 კალათბურთელია, საიდანაც 12 საუკეთესო საკონტროლო შეხვედრების დასრულების შემდეგ შეირჩევა. მთავარი და ყველაზე სასიამოვნო სიახლე რატი ანდრონიკაშვილის გამოჯანმრთელებაა. 24 წლის გამთამაშებელი პოლონეთთან ამხანაგურ შეხვედრაში დაშავდა, თუმცა მცირე პაუზის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა და დღეს სრული დატვირთვით ივარჯიშა.
ეროვნული გუნდი ივლისის ბოლოს შეიკრიბა და მზადების ფარგლებში ოთხი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, სადაც ძირითადი ყურადღება სხვადასხვა კომბინაციების დახვეწას დაეთმო. ხვალ და 21 აგვისტოს ჩეხეთის ნაკრებთან ორი სპარინგია დაგეგმილი. ხვალინდელი მატჩი დახურული იქნება, ხუთშაბათის თამაში კი - ღია.
ქართველების მეტოქე ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთის, ბოსნიისა და კვიპროსის ნაკრები იქნება, მერვედფინალურ ეტაპზე კი ექვსიდან ოთხი საუკეთესო გავა. კონტინენტის პირველობას ჩვენი ქვეყნის გუნდი 28 აგვისტოს ესპანელებთან თამაშით დაიწყებს.