„ჩემთან ჩხუბს დათანხმდი, თორემ...“ | ცარუკიანმა თოფურიას მიმართა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, არმან ცარუკიანმა კარლოს კონტრერას ლეგასპის ინტერვიუ მისცა. ცარუკიანმა ილია თოფურიას მიმართა და განაცხადა, რომ „ელ მატადორი“ მასთან ორთაბრძოლას თავს მაქსიმალურად არიდებს.
„ილია თოფურიას ველოდები. მას იანვარში სურს ჩხუბი და თუ UFC მეტყვის, რომ მანამდე ერთი ბრძოლა გავმართო, არანაირი პრობლემა არ მექნება. თოფურიამ იცის, რომ მსუბუქ წონით დივიზიონში ყველაზე ძლიერი მებრძოლი ვარ. ილია ხვდება, რომ სერიოზულ პრობლემებს შევუქმნი და ურჩევნია, პედის ან გეიჯის ეჩხუბოს, რათა მარტივი ფული გააკეთოს. მე სწორედ ამიტომ გამირბის.
რა რეაქცია ჰქონდა ხალხს იხვისა და ძაღლის ვიდეოებზე? სასაცილო ვიდეოები იყო და მხარს მიჭერენ. მათ იციან, რომ სატიტულო ორთაბრძოლას ყველაზე მეტად ვიმსახურებ. ილიას მივმართავ, ჩემთან ჩხუბს მაქსიმალურად სწრაფად დათანხმდი, თორემ კიდევ უამრავი ვიდეო მაქვს, რომელთა გამოქვეყნებაც შემიძლია. თუ დათანხმდები, აღარაფერს გამოვაქვეყნებ.“
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ არმანმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომლითაც თოფურიას დასცინა. ცარუკიანი იხვს მისდევს, რომელსაც „ელ მატადორის“ სახელს უწოდებს და მიგვანიშნებს, რომ თოფურია მას სწორედ ასე გაურბის. ამას მოაყოლა თვითმფრინავში გადაღებული ვიდეო, რომელშიც საკუთარ ძაღლს ილიას სახელით მიმართავს.