პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია | ჩაკვეტაძე ვალენსიას უახლოვდება
„ვალენსია“ გიორგი ჩაკვეტაძის გადასაბირებლად სერიოზულად მუშაობს. ცნობილი ესპანელი ჟურნალისტის, ჰექტორ გომესის ცნობით, „ღამურებმა“ ქართველ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს და „უოტფორდს“ ელაპარაკებიან.
„ჩაკვესთან“ დაკავშირებული ინფორმაცია თავდაპირველად Geo Team-მა გაავრცელა და აღნიშნა, რომ „ვალენსიამ“ გიორგის 4-წლიანი კონტრაქტი გაუმზადა. გომესმა ეს ყველაფერი დაადასტურა, თუმცა დასძინა, რომ კლუბებს შორის შეთანხმება ჯერ არ არსებობს. ამასთან, ქართველი ფეხბურთელი „კრაზანების“ ერთ-ერთი ვარიანტია.
El Desmarque-ის მიხედვით, „უოტფორდი“ ჩაკვეტაძის სანაცვლოდ 5-7 მილიონ ევროს ითხოვს და ეს თანხა „ვალენსიას“ ჯერ არ გააჩნია. არის შანსი ვითარება შეიცვალოს და ეს დიდწილად ანდრე ალმეიდას მომავალზეა დამოკიდებული. მისი გაფორმება რამდენიმე კლუბს სურს და თუ „ვალენსიამ“ ალმეიდა გაყიდა, „ჩაკვეს“ გადაბირებას დაუყოვნებლივ შეეცდება.
ცნობისთვის, ქართველ ფეხბურთელს „უოტფორდთან“ კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 4.5 მილიონი ევროა.