„მასში ყველაზე მეტად ეს თვისება მომწონდა“ - სლუცკიმ კვარას ჩემპიონობაზე ისაუბრა
ყაზანის „რუბინში“, ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალი შეაფასა და ქართველი ფეხბურთელის შესახებაც ისაუბრა.
სლუცკიმ ხვიჩასთან გატარებული პერიოდი გაიხსენა და ერთი დასამახსოვრებელი თვისებაც გამოარჩია. 54 წლის სპეციალისტმა ასევე განაცხადა, რომ ფინალის დასრულების შემდეგ ხვიჩას პირადი შეტყობინებაც გაუგზავნა და ჩემპიონობა მიულოცა, კვარამ კი საპასუხოდ მადლობა გადაუხადა.
რას ამბობს სლუცკი:
„ხშირ შემთხვევაში მის ასაკში პროფესიონალი ფეხბურთელებიც კი თამაშის წყურვილს კარგავენ. როდესაც 19 წლის იყო და მასთან მუშაობა დავიწყე, უკვე პროფესიონალი იყო. ძალიან უყვარდა ბურთით მოძრაობა, უყვარდა ყველაფერი, რაც თამაშთან იყო დაკავშირებული, ეს იყო ბავშვური სიყვარული, რამაც ჩემზე თავიდანვე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“.
„მახსოვს, რომ ძალიან უყვარდა ხინკალი. როდესაც ბაზაზე ვცხოვრობდით, ისე უნდოდა, რომ ძალიან ხშირად ვუკვეთავდით ხოლმე და მასთან მიგვქონდა. ის ახალგაზრდა იყო, გამხდარი ბიჭი და ხინკალი მასზე უარყოფით გავლენას არ ახდენდა. თუ ამით უნდოდა ენდორფინების დონის ამაღლება და ბედნიერების მიღება თუნდაც ერთი წამით, სრულიად ნორმალური იყო. უხაროდა, თავის საყვარელ კერძს ეხებოდა, თანაც თავის მშობლიურს, ამაში საშიში არაფერი იყო“.
„მივწერე თუ არა ფინალის შემდეგ? დიახ, უკვე მივწერე. ვუთხარი, რომ ძალიან მიხარია და ვამაყობ მის გამო. შესაძლოა არა პირდაპირ, მაგრამ ირიბად მის წარმატებაში მეც მქონდეს კავშირი და ეს ძალიან სასიამოვნოა“.
„რაც შეეხება თამაშს, ცხადია, რომ პსჟ დომინირებდა. ვფიქრობ, რომ ასე არ იქნებოდა, სწრაფი გოლი რომ არ გაეტანა. სწრაფმა გოლმა გუნდს გზა გაუხსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი შანსი იყო ინტერს თამაში დაელაგებინა და სადღაც აუცილებლად წავიდოდა გოლის გასატანად. სინამდვილეში, პარიზული გუნდის ფეხბურთელების დონე სრულიად განსხვავებულია, რაც ამ თამაშში ნამდვილად გამოჩნდა. თამაშისადმი მომზადებით, ვარსკვლავური რეიტინგითა და ხარისხით განსხვავება აშკარა იყო, ძალიან დიდი“.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-მა „ინტერი“ 5:0 გაანადგურა და ტიტული არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვა. „ნერაძურის“ კარში მეოთხე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.