სიომინი: „კვარაცხელია ოქროს ბურთის ერთ-ერთი კანდიდატი უნდა იყოს“
იური სიომინი ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ მუდმივად თბილი, მეგობრული და კეთილგანწყობილი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. ის ქართველი ფეხბურთელის ნიჭიერებას იმდენად აფასებდა, რომ მისი „რუბინში“ გაშვების გამო, მოსკოვის „ლოკომოტივის“ ხელმძღვანელებს თავის დროზე ღიად დაუპირისპირდა. ახლა კი, როდესაც მისი ყოფილი შეგირდი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავია, ის კვარაზე კიდევ უფრო თამამად და დიდი სიამაყით საუბრობს.
რას ამბობს სიომინი
ალბათ ყველა დამეთანხმება იმაში, რომ ფინალში ხვიჩა კვარაცხელია უსმან დემბელესთან ერთად, „პარი სენ-ჟერმენის“ საუკეთესო მოთამაშე იყო. საერთოდაც, იშვიათად მოიძებნება მსოფლიოში ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ერთ სეზონში ამდენ ტიტულს მოიპოვებს. სწორედ ამიტომ, ყოველგვარი მორიდების გარეშე ვიტყვი, რომ სექტემბერში ხვიჩა „ოქროს ბურთის“ კანდიდატებს შორის უნდა ვიხილოთ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ სადებიუტო სეზონში იტალიის ჩემპიონატი, ხოლო „პარი სენ-ჟერმენში“ თავის პირველივე წელს საფრანგეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.