ჰიტცლშპერგერი: „ფინალში საუკეთესო ხვიჩა იყო“
„სენ-ჟერმენმა“ იმდენად უნაკლო ფეხბურთი ითამაშა, რომ მის რიგებში ერთი რომელიმე მოთამაშის გამორჩევა რთული იქნება, თუმცა არჩევანზე თუ მიდგება საქმე, პირადად მე ხვიჩა კვარაცხელიას დავასახელებდი. მას არასოდეს ეზარებოდა უკან დაცვის დასახმარებლად ჩამოსვლა და საერთოდაც, როდესაც პსჟ-ის დიდებულ თავდასხმაზე ვსაუბრობთ, მათ შემტევებს სწორედ ეს გამოარჩევთ.
ერთ ეპიზოდს გავიხსენებდი, რის გამოც ხვიჩა მისი კარიერის ბოლომდე ჩემი სიმპათიებით ისარგებლებს. მსაჯის საფინალო სასტვენამდე 10 წუთით ადრე, როდესაც პსჟ უკვე 4-ბურთიანი სხვაობით იგებდა, მან თავისი გუნდისთვის ბურთის დასაბრუნებლად საკუთარ საჯარიმომდე ჩამოსვლა არ დაიზარა და ეს მხოლოდ მისი მაღალი პროფესიონალიზმის მაჩვენებელია.
კვარას დიდი ხანია ვაკვირდები, მან წელს სკუდეტოც მოიგო, რადგან პირველ წრეში „ნაპოლიში“ ასპარეზობდა. ამას მოჰყვა ლიგა 1-ში, საფრანგეთის თასზე და ახლა ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება - ეს მხოლოდ განსაკუთრებულ ფეხბურთელებს შეუძლიათ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშება ხვიჩამ 3 გოლითა და 2 საგოლე პასით დაასრულა, ხოლო ყველა ტურნირზე პსჟ-ის შემადგენლობაში გამართულ 25 მატჩში თავი 7 გოლითა და 5 ასისტით გამოიჩინა.