„პარი სენ-ჟერმენის მებრძოლი სული“ | რას წერენ ფრანგულ პრესაში კვარაზე
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა „ინტერი“ 5:0 გაანადგურა, „კვარამ“ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა და ანგარიში 4:0 გახადა. კვარაცხელიას თამაშს ფრანგული პრესა გამოეხმაურა და აი, რა დაწერეს ხვიჩაზე:
Maxifoot: „უღიმღამო პირველი ტაიმი... გამოღვიძება შესვენების შემდეგ. თვალებახელილმა ქართველმა გარემარბმა პარი სენ-ჟერმენის მეოთხე გოლი გაიტანა და ინტერი საბოლოოდ ჩაძირა. რაც მთავარია, ჰქონდა, უამრავი დაცვითი მოქმედება, რომლებითაც მან მეტოქეები გააღიზიანა. შუა სეზონის საუკეთესო ტრანსფერი პარი სენ-ჟერმენის ისტორიაში“.
Footmercato: „ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც თასის ფინალი თავის ტკივილის გამო გამოტოვა, ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა. როგორც წესია ხოლმე, ის მარცხენა ფლანგზე ძალიან აქტიური იყო. მეორე ტაიმში, სივრცე გამოიყენა და მეტოქეს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ორი მომენტი გააფუჭა, მაგრამ დანაშაული გამოისყიდა და გოლი გაიტანა, რომლითაც ანგარიში 4:0 გახდა. დაცვაში, ის საოცრად აქტიური იყო“.
Le Parisien: „შუა სეზონის საუკეთესო ტრანსფერი! მარცხენა ფლანგზე, თამაშს არც ერთი წამით გამოთიშულა და ყოველთვის კარგ პოზიციაში რჩებოდა. დემბელეს კარგი პასი მისცა, უსმანის გადაცემის შემდეგ კი ანგარიში 2:0 გახდა. 73-ე წუთზე, მარცხენა ფეხით თავად გაიტანა და სანამ მოედნიდან გაიყვანდნენ, დაცვაში ყოველთვის ბრუნდებოდა“.
90min: „მართალია, გადამწყვეტი მოქმედება არ ჰქონია, მაგრამ პარი სენ-ჟერმენის პირველი ორი გოლი მისი ფლანგიდან განვითარებულ შეტევებს მოჰყვა. პირველი ტაიმის შემდეგ, ქართველ ფეხბურთელს მესამე გოლის გატანის შანსი ორჯერ ჰქონდა. საბოლოოდ, მას 73-ე წუთამდე მოუწია ლოდინი და თავისი ბურთი მაინც შეაგდო. დაცვაში, კვარაცხელია ძალისხმევას არ აკლებდა და ლუის ენრიკესგან საქებარი სიტყვებიც დაიმსახურა. რა მაგარი მატჩი ხვიჩა კვარაცხელიასგან!“.
Eurosport: „პარი სენ-ჟერმენის ყველაზე უჩინარი შემტევი საწყის წუთებში, რაც დეზირე დუეს აქტიურობით იყო განპირობებული. ქართველმა ფეხბურთელმა ბოლომდე იბრძოლა და საბოლოოდ, ფინალში, მძიმე ტვირთი აიკიდა ზურგზე. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, გოლი მაინც გაიტანა“.
Sofoot: „კვარაცხელიას ძალიან ძლიერი მატჩი. მიმდინარე სეზონში, ინტერს ოცნებები ორი კლუბის მაისურით დაუმსხვრია“.
Onzemondial: „ქართველი გარემარბი ძალიან ეფექტური იყო. მართალია, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა, მაგრამ ყველაფერი გოლით გამოისყიდა“.
Goal: „დაუღალავი, შრომისმოყვარე, შთამაგონებელი... და რაც მთავარია, გოლის ავტორი! პარი სენ-ჟერმენის მებრძოლი სული იყო. მისი გოლით ანგარიში 4:0 გახდა და ეს ბურთი იმ მატჩის ჯილდო იყო, რომელიც მან ჩაატარა. მატჩისა, რომლის სიმბოლოც კვარაცხელიას ვარდნაა, როდესაც ანგარიში 5:0-ია. გამართლებული ტრანსფერი“.
Parisfans: „ნორმალური პირველი ნახევარი, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული. იყო ფეხბურთელი, რომელსაც საწყის 45 წუთში ყველაზე მეტად უჭირდა. მეორე ტაიმი ბევრად სტაბილური ჰქონდა და მისმა გოლმა პსჟ-ის შედევრში თავისი წვლილი შეიტანა“.
შეგახსენებთ, რომ პარიზულმა გრანდმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ისტორიაში პირველად მოიგო, დომინანტური თამაში აჩვენა და „ინტერი“ 5:0 გაანადგურა.
ხვიჩა კვარაცხელიას ყველა მომენტი ინტერთან