„მერაბი ცალსახა ფავორიტია“ - იანი ომალის სერიოზულად არ აღიქვამს
ერთ კვირაზე ნაკლები რჩება UFC 316-ის საკმაოდ საინტერესო ღონისძიებამდე, რომლის მთავარი ორთაბრძოლაც სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში შედგება და მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრის დაცვას იმ შონ ომალისთან შეეცდება, რომლის დამარცხებითაც ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა. „მანქანასა“ და “შუგას“ დაპირისპირებაზე კომენტარი უამრავმა ადამიანმა გააკეთა, თუმცა განსაკუთრებით საინტერესოა ამავე დივიზიონის რუსი მებრძოლის პეტერ იანის შეფასება, რომელმაც ქართველი ცალსახა ფავორიტად დაასახელა.
რას ამბობს იანი
შანსები 70/30-ზე იქნება დვალიშვილის სასარგებლოდ. კი ბატონო, შესაძლოა ომალიმ ქართველს დგომში გარკვეული დარტყმები მიაყენოს, მაგრამ ყველაფერს ობიექტურად თუ შევხედავთ, შონს გამარჯვების მოპოვება გაუჭირდება. ყველამ კარგად ნახა, რამხელა უპირატესობა ჰქონდა მერაბს „შუგასთან“ პირველ შეხვედრაში და მგონია, რომ განსხვავებული სურათი ამჯერადაც არ იქნება.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი სწორედ ომალის ძლევით მოიპოვა და შემდეგ ტიტული წარმატებით უმარ ნურმაგომედოვის დამარცხებით დაიცვა.