„ესპანეთი ევრობასკეტის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია“ | შენგელიასა და ჯიკიჩის პრესკონფერცია
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ევრობასკეტზე პირველი შეხვედრა ესპანეთთან ელის. ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდერ ჯიკიჩმა და კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართეს და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
თორნიკე შენგელია
„აქ ყოფნით აღფრთოვანებული ვართ. ევრობასკეტზე ზედიზედ მეექვსედ ვთამაშობთ და ამ მიღწევით ვამაყობთ. ერთი სული გვაქვს, პარკეტზე როდის გავალთ. ყოველთვის მაგარი შეგრძნებაა, როდესაც ქართველ გულშემატკივრებს ტრიბუნებზე ვხედავთ. განსაკუთრებით, სტუმრად გამართულ შეხვედრებში. უნიკალური მომენტია, როდესაც უცხო გარემოში ნაცნობ სახეებსა და შენს დროშას ხედავ. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მაღალ დონეზე ვიასპარეზოთ, მიზნებს მივაღწიოთ და გულშემატკივრებს სიამაყის საფუძველი მივცეთ.
უფლის წყალობით თავს კარგად ვგრძნობ და ყველაფერი მშვენივრადაა. იდეალური სიტუაცია არ არის, თუმცა ეს პრაქტიკულად ყოველთვის ასეა. უნდა ვიპოვო გზა, რათა საუკეთესო ფორმაში ჩავდგე და გუნდს მიზნის მიღწევაში დავეხმარო. ჯანმრთელობის მხრივ კარგად ვარ, სტაბილური მდგომარეობაა და მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა რაც შეიძლება, სწრაფად ვიყო მზად. ერთადერთი, რაზეც ჩემი მონაწილეობაა დამოკიდებული, ისაა, თუ რამდენად სწრაფად მოვახერხებ ფორმაში შესვლას. არ მინდა, გუნდისთვის ზედმეტი ტვირთი ვიყო. ორი კვირა არაფერი გამიკეთებია და უბრალოდ სამჯერ ვივარჯიშე. ყველაფერს ვცდილობ, რათა გუნდს ოდნავ მაინც დავეხმარო. ესპანეთი ევრობასკეტის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, თუმცა ძლიერი მხარეები ჩვენც გვაქვს. ვაპირებთ, თამაში ჩვენს ძლიერ მხარეებზე დავაფუძნოთ და მეტოქეს ბოლომდე შევერკინოთ.“
ალექსანდერ ჯიკიჩი
„ჩვენთვის ევრობასკეტი ხვალ იწყება და მეტოქეებისთვის კონკურენციის გასაწევად მზად ვართ. როგორც ყველა სხვა გუნდს, პრობლემები და გამოწვევები ჩვენც გვქონდა, თუმცა ეს ყველაფერი წარსულშია დარჩენილი და მომდევნო თამაშზე ვფიქრობთ. ყველას კარგად მოეხსენება, ესპანეთის ძლიერი მხარეების შესახებ და მათი მთვარი მწვრთნელი ევროპული და მსოფლიო კალათბურთის ერთ-ერთი ლეგენდაა.
რთული გამოწვევა გველოდება და ამ მატჩს გამოვიყენებთ, რათა ხასიათი ვაჩვენოთ, რომელიც მთელი ტურნირი გაგვყვება. ესპანეთის ნაკრებს ბევრი სუსტი წერტილი არ აქვს. ღრმა შემადგენლობით გამოირჩევიან, გამოცდილები არიან, სამწამიანიდანაც კარგად უტევენ და პერიმეტრიდანაც, ჰყავთ მოთამაშეები, რომლებსაც იზოლაციაში შეუძლიათ ქულების აღება, დაცვაში სუპერ აქტიურები არიან და ვფიქრობ, ესპანეთი ევრობასკეტის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. სათამაშო სტილების დაპირისპირებას ვიხილავთ. თუ ესპანეთმა თავისი კალათბურთი ითამაშა და ვერაფერი შევცვალეთ, შედეგი ყველასთვის აშკარა იქნება. ძლიერი მხარეები ჩვენც გვაქვს და მათ გამოყენებას შევეცდებით.”
შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 28 აგვისტოს, თბილისის დროით, 16:00-ზე დაიწყება.