“მეტოქე არ გვაშინებს“ - შერმადინის და სანაძის კომენტარები
ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, გიორგი შერმადინმა და დუდა სანაძემ კომენტარები გააკეთეს.
გიორგი შერმადინი:
„ვიწყებთ ევროპის ჩემპიონატს. ესპანეთს მართლაც ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს ჩამოყვანილი და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ხვალინდელი თამაში მოვიგოთ. ყველას ძალიან კარგად ახსოვს, რომ თბილისში ჩვენ ესპანეთს ერთხელ უკვე მოვუგეთ და ვეცდებით, რომ ხვალ იგივე გავიმეოროთ. იმასაც ვიტყვი, რომ ადვილი მატჩი არ იქნება, მაგრამ მაქსიმუმს გავაკეთებთ. ერთი თამაშია და იმედი მაქვს, ხვალინდელი დღე ჩვენთვის კარგი იქნება.
დუდა სანაძე:
„განწყობა საბრძოლოა, როგორც ყოველთვის. ასე, თუ ისე, ტრავმები მოვიშუშეთ, რაც ძალიან დიდი პრობლემა იყო ამხანაგურ თამაშებში. ვერცერთ თამაშში ვერ შევძელით, რომ სრული გუნდი ვყოფილიყავით. ეს დრო იმისთვის გამოვიყენეთ, რომ შევთამაშებულიყავით. ვფიქრობ, კარგი სამუშაო გავწიეთ. თორნიკე შენგელიას ველოდებით.
გადაწყვეტილებას ექიმები მიიღებენ. გუნდში საბრძოლო განწყობაა, რა თქმა უნდა, მოსაგებად გავდივართ. არ აქვს მნიშვნელობა ეს ესპანეთი იქნება, თუ სხვა. მატჩის კარგად დაწყებას დიდი მნიშვნელობა ექნება. ევრობასკეტის კარგად გასახსნელად ყველაფერს გავაკეთებთ. მეტოქე არ გვაშინებს, ოპტიმისტურად ვართ განწყობილები."
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისა და ესპანეთის დაპირისპირება 28 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 16:00-დან დაიწყება.