„გაბრაზებული ვარ“ | გრიმსბის მეკარე მანჩესტერ იუნაიტედის ფანია
ინგლისის კარაბაოს თასის მეორე რაუნდში „გრიმსბიმ“ უდიდესი სენსაცია შემოგვთავაზა და „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 2:2 დასრულდა და ინგლისის მეოთხე დივიზიონის წარმომადგენელმა პენალტების სერიაში იმარჯვა - 12:11.
გამარჯვების მიუხედავად, „გრიმსბის“ მეკარე, კრისტი პიმი ნაწილობრივ გაბრაზებული იყო. საქმე ისაა, რომ პიმი ბავშვობიდან „წითელი ეშმაკების“ გულშემატკივარია და „ოლდ ტრაფორდელთა“ თამაშით უკმაყოფილო დარჩა, რაზეც მატჩის შემდეგ ისაუბრა.
„ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ, რომ გავიმარჯვეთ. მანჩესტერ იუნაიტედს ვქომაგობ და ნაწილობრივ გაბრაზებული ვარ, თუმცა სწორედ ასეთი მატჩების გამო თამაშობ ფეხბურთს. ნამდვილი საოცრება იყო. სიმართლე გითხრათ, პენალტების სერია უკეთ უნდა ჩამეტარებინა. მხოლოდ ერთი ბურთი მოვიგერიე და დანარჩენი საქმე ჩემმა თანაგუნდელებმა გააკეთეს. დაუჯერებელია, რაც მოხდა“
ცნობისთვის, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბოლოს ასეთ ადრეულ ეტაპზე სათასო დაპირისპირებას 2014 წელს გამოეთიშა, როდესაც „მილტონ კეინ დონსთან“ დამარცხდა. გარდა ამისა, ეს არის „იუნაიტედის“ ანტირეკორდი და პირველი შემთხვევა, როცა „წითელმა ეშმაკებმა“ კარაბაოს თასზე (ყოფილ ლიგის თასზე) მეოთხე დივიზიონის წარმომადგენელთან წააგეს