ჩემპიონთა ლიგა
Aa
Aa

ყველა მონაწილე ცნობილია: ლიგის წილისყრა და 1 სიახლე ახალ ფორმატში

ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების გათამაშების 36-ვე გუნდი გამოვლინდა. გასარკვევი მხოლოდ 4 კლუბის ვინაობა იყო და რამდენიმე წუთის წინ გაირკვა, რომ „ყარაბაღი“, „ბრიუგე“, „კოპენჰაგენი“ და „ბენფიკა“ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.

პლეი-ოფში დამარცხებული „ფერენცვაროში“, „რეინჯერსი“, „ბაზელი“ და „ფენერბახჩე“ ასპარეზობას ევროპა ლიგაზე განაგრძობენ.

უკვე დღეს, 16:00 საათზე ჩემპიონთა ლიგის ფაზის წილისყრა გაიმართება. გასულ სეზონში ტურნირზე ახალი ფორმატი ვიხილეთ, რომელმაც ბევრის აზრით გაამართლა და მატჩები უფრო საინტერესო გახდა.

ლიგის ფაზაზე თითოეული კლუბი 8 გუნდს დაუპირისპირდება (4 მატჩი შინ, 4 სტუმრად).

კლუბები UEFA-ს კოეფიციენტების მიხედვით 4 კალათაში გადანაწილდებიან და თითოეული კალათიდან მხოლოდ 2 გუნდს შეხვდებიან (ერთს სახლში, მეორეს კი სტუმრად).

ლიგის ფაზის საუკეთესო 8 გუნდი მერვედფინალში პირდაპირ გავა და განთესილის სტატუსს მიიღებს. მე-9 ადგილიდან 24-ე ადგილზე გასული გუნდები კი დანარჩენი რვა ადგილისთვის ორმატჩიან პლეი-ოფებს ითამაშებენ, რის შემდეგაც ტურნირი ძველებურად ჩვეულ სტილში გაგრძელდება.

ასევე აღსანიშნავია კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც ამ სეზონიდან შედის ძალაში: საპლეიოფო სტადიაზე გასამართი ყველა მატჩი ლიგის ფაზაზე დაკავებული ადგილის მიხედვით განისაზღვრება, რაც ნიშნავს იმას, რომ უკეთეს პოზიციაზე მყოფი გუნდი განმეორებით შეხვედრას ყოველ ჯერზე საკუთარ მოედანზე გამართავს. ეს ყველაფერი კი ლიგის ფაზაზე საუკეთესო 8 ადგილისთვის ბრძოლას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები