„თუ მიჯრით 3 წელი ვერაფერს მოიგებ, შენი კარიერა ვეღარ დაგიცავს“ - კროოსი ალონსოზე
ტონი კროოსი მიიჩნევს, რომ ჩაბი ალონსოს ხულენ ლოპეტეგის ბედი არ ემუქრება.
ლოპეტეგი „რეალს“ 2018 წლის ზაფხულში ჩაუდგა სათავეში და ოქტომბერში უკვე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
– ფლორენტინო პერესი რამდენად მომთმენი იქნება, რამდენად შეინარჩუნებს რწმენას, თუ საქმეები ცუდად წავიდა?
„ვფიქრობ, ჩაბი სხვა სტატუსით მოდის, ვიდრე ლოპეტეგი. მისი საკლუბო კარიერა მას უდავოდ ეხმარება, თუმცა ვერ დაიცავს, თუ სამი წელი ზედიზედ ტიტულის გარეშე დარჩება.
მთავარია ნდობა მწვრთნელის მიმართ. ყოველთვის შედეგი არ წყვეტს ყველაფერს, რადგან ნდობა გაძლევს საშუალებას, დროებითი წარუმატებლობები გადაიტანო. ხანდახან მწვრთნელებს ოთხი მატჩის შემდეგ ათავისუფლებენ. მაგრამ მათი შესაძლებლობების მიმართ რწმენა დროს უგრძელებს. ასევე მნიშვნელოვანია ფეხბურთელებისა და გუნდის ლიდერების შეფასება, რადგან ხშირად მათ აზრს განსაკუთრებულად უსმენენ.
ასევე ყველაფერს განსაზღვრავს ისიც, როგორ აგებს გუნდი თამაშს. მხოლოდ შედეგი კი არა, თავად პროცესიც მნიშვნელოვანია. ეს წყვეტს, რამდენ ხანს დარჩება მწვრთნელი. რეალში კი არც ერთი მოთამაშე და მწვრთნელი არ გრძნობს საკუთარი ადგილის მიმართ სრულ სიმშვიდეს.
ტიტულების მოგება ადვილი არ იქნება. ბარსელონა კვლავ ძლიერია, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში ყველაფერი რთულადაა: რეალი, ბარსელონა, ლივერპული, მანჩესტერ სიტი, ბაიერნი, პსჟ, არსენალი...“
– განაცხადა კროოსმა Einfach mal Luppen-ის პოდკასტში.