ისტორიული ფიასკო | მანჩესტერ იუნაიტედმა მეოთხე დივიზიონის წარმომადგენელთან წააგო
ინგლისის კარაბაოს თასის მეორე რაუნდში „მანჩესტერ იუნაიტედი“ მეოთხე დივიზიონის, ლიგა ორის წარმომადგენელ „გრიმსბის“ დაუპირისპირდა. „წითელმა ეშმაკებმა“ სრული ფიასკო განიცადეს და პენალტების სერიაში დამარცხდნენ.
მატჩის პირველ ტაიმში ორი გოლი გავიდა: 22-ე წუთზე „გრიმსბი“ ჩარლზ ვერნემმა დააწინაურა, 30-ე წუთზე კი ტაირელ უორენმა საკუთარი გუნდის უპირატესობა ორბურთიანი გახადა. 75-ე წუთზე ბრაიან მბემუმ სხვაობა შეამცირა, ხოლო 89-ე წუთზე ჰარი მაგუაიერმა წონასწორობა აღადგინა და შეხვედრა 2:2 დასრულდა.
გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა. „იუნაიტედი“ მომდევნო ეტაპზე გასვლასთან ძალიან ახლოს იყო — მატეუს კუნიას შეეძლო მატჩის დასრულება, თუმცა თერთმეტმეტრიანი გააფუჭა და სერია გაგრძელდა. გადამწყვეტ მომენტში მბემუს დარტყმა ხარიხას მოხვდა და „გრიმსბიმ“ 12:11 იმარჯვა.
„მნიშვნელობა არ აქვს, თამაშში დავბრუნდით თუ არა. მთავარია სიგნალები, რომლებიც გუნდმა მატჩის განმავლობაში აჩვენა — განსაკუთრებით საწყის წუთებში. შეხვედრა ისე დავიწყეთ, თითქოს მოედანზე საერთოდ არ ვიყავით და ბევრად უკეთ თამაში გვმართებს. მინდა, გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო. ვფიქრობ, საუკეთესო გუნდმა გაიმარჯვა. მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო და სწორედ ის გავიდა შემდეგ ეტაპზე,“ — განაცხადა მატჩის შემდეგ რუბენ ამორიმმა.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ბოლოს ასეთ ადრეულ ეტაპზე სათასო დაპირისპირებას 2014 წელს გამოეთიშა, როდესაც „მილტონ კეინ დონსთან“ დამარცხდა. გარდა ამისა, ეს არის „იუნაიტედის“ ანტირეკორდი და პირველი შემთხვევა, როცა „წითელმა ეშმაკებმა“ კარაბაოს თასზე (ყოფილ ლიგის თასზე) მეოთხე დივიზიონის წარმომადგენელთან წააგეს.