ანკალაევი: მძიმე წონაში ასვლას ვგეგმავ
UFC-ის ქვემძიმე წონის ჩემპიონი მაგომედ ანკალაევი მიზნად ისახავს, რომ იმ იშვიათ მებრძოლთა სიას შეუერთდეს, რომლებმაც ორგანიზაციაში ორ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვეს ტიტული.
ანკალაევი სამომავლოდ მძიმე წონაში ასვლას და საჩემპიონო ბრძოლის მიღებას უმიზნებს.
„დიახ, ასეთი აზრები ნამდვილად მაწუხებს. ჯერ კიდევ მყავს რამდენიმე მოწინააღმდეგე, ვის წინააღმდეგაც ქამარი უნდა დავიცვა. ვფიქრობ, ორ-სამ ბრძოლაში მძიმე წონაში გადავინაცვლებ,“
– განაცხადა რუსმა მებრძოლმა Sport24-თან ინტერვიუში.
ანკალაევმა ასევე მომავალ მატჩრევანშზეც ისაუბრა, რომელიც ბრაზილიელ ალექს პერეირასთან 4 ოქტომბერს ლას-ვეგასში, UFC 320-ზე შედგება.
„რევანში გაცილებით ადვილი იქნება, ვიდრე პირველი დაპირისპირება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჩემთან მეორედ გამოსვლა ძალიან სახიფათოა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვდომინირებდე. თუ ჭიდაობა იქნება საჭირო – ვიბრძოლებ ჭიდაობაში, თუ დგომში – დგომში. პრობლემები არ გვექნება არც ერთ კომპონენტში. შესაძლოა, პერეირა საერთოდ არც კი გადავიყვანო. მინდა, რომ ის ბრძოლას სრულ მზადყოფნაში შეხვდეს და ჩვენი შეხვედრის შემდეგ არანაირი საბაბი აღარ ჰქონდეს,“
– აღნიშნა ქვემძიმე წონის ჩემპიონმა.