ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

როგორ იქცა კვარაცხელია ვარსკვლავად | BBC-იმ ხვიჩას სტატია მიუძღვნა

„მოკრძალებული დასაწყისი, რონალდუ და NBA — როგორ იქცა ხვიჩა კვარაცხელია ვარსკვლავად“, - ეს ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემის, BBC-ის სტატიის სათაურია. მისი ავტორი, გუილემ ბალაგი, „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველ გარემარბზე ვრცლად წერს და მკითხველს მას ახლოდან აცნობს.

„ხვიჩა კვარაცხელიამ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე კრეატიულ ტალანტად დაიმკვიდრა თავი. „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი გარემარბი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ თამაშობს, მაგრამ მოედნის მიღმა აბსოლუტურად სხვანაირია.

25 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის ცხრა მატჩში 7 საგოლე მოქმედება მიითვალა (4 გოლი, 3 საგოლე გადაცემა), რითაც ის ამ ტურნირზე პსჟ-ის საუკეთესო ბომბარდირია და ყველაზე მეტი საგოლე მოქმედებაც აქვს. მერვედფინალში მოქმედი ჩემპიონის მეტოქე ჩელსია — კლუბი, რომელმაც წარსულში მისი გაფორმება სცადა.

„ვთვლი, რომ უბრალო ადამიანი ვარ. ვცდილობ თავმდაბალი ვიყო, ოჯახის წევრების მოსაზრებები გავითვალისწინო და ყოველთვის მახსოვდეს, ვინ ვარ და საიდან მოვდივარ“, — ეს ხვიჩას სიტყვებია და მოდით, მის მიერ გავლილი გზა დეტალურად განვიხილოთ.

კვარაცხელიას ოჯახი თბილისში ცხოვრობს და მათი სახლი არაფრით მიანიშნებს იმას, რომ იქ გლობალური დონის ვარსკვლავი აღიზარდა. ეს სახლი ერთ-ერთია იმ უსახო, საბჭოთა ეპოქის კორპუსებიდან, რომლებსაც თბილისის ბევრ რაიონში შეხვდებით. ბეტონის ნაგებობა, დროისგან გაცვეთილი, უფრო პრაქტიკული, ვიდრე ლამაზი, გარშემორტყმული მსგავსი შენობებითა და მუშათა კლასის უბნებისთვის დამახასიათებელი ხმაურით.

ეს არის თბილი, სტუმართმოყვარე და მოკრძალებული სახლი, რომელიც არა ძვირფასეულობით, არამედ ძვირფასი მოგონებებითაა სავსე. ყველგან, სადაც არ უნდა გაიხედოთ, დაინახავთ კვარაცხელიას მიერ გავლილი გზის ამსახველ მომენტებს: ფოტოსურათებს, თასებს, მაისურებს... მათ შორის გამოირჩევა „დინამო თბილისის“ მაისური.

„ხვიჩა კვარაცხელიას პროფესიონალური კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო. მისი გზა სწორედ აქ დაიწყო,“ — ამბობს მისი დედა, მაკა.

როდესაც კვარაცხელია საქართველოში ბრუნდება, თავის პატარა საძინებელს ისევ იყენებს. ოთახის ერთ კუთხეში კომპიუტერის მაგიდა დგას: კლავიატურა, დიდი ყურსასმენები და სკამი, რომელსაც გეიმერები იყენებენ. ეს პატარა სამყარო არის ადგილი, სადაც ხვიჩა საქართველოში ჩასვლის შემდეგ უჩინარდება ხოლმე.

2001 წელს დაბადებულ ბიჭუნას ფეხბურთი ადრეული ასაკიდან შეუყვარდა. ბურთი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ყველგან დაჰქონდა და მასთან ერთად ეძინა. ფეხბურთი მისთვის ყველაფერი იყო, მაგრამ მარტივი გზა ნამდვილად არ გაუვლია.

კვარაცხელიამ პროფესიონალურ დონეზე სადებიუტო შეხვედრა 2017 წელს გამართა, შემდეგ კი იჯარით „რუსთავსა“ და მოსკოვის „ლოკომოტივში“ წავიდა. სწორედ „ლოკომოტივში“ მიიღო პირველი მაღალი ხელფასი და ამ ფულის წყალობით მამამისს დაუფინანსა გულის ოპერაცია, რომელსაც მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.

2019 წლის 22 მაისს მან პირველი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და „ლოკომოტივთან“ ერთად რუსეთის თასი მოიგო. შემდეგ იყო „რუბინი“, სადაც რუსეთის ჩემპიონატის ახალგაზრდა ფეხბურთელად ორჯერ დაასახელეს. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ კვარამ ყაზანი დატოვა და ქართულ კლუბში, „დინამო ბათუმში“ გადავიდა.

2022 წლის ივლისში კვარაცხელია „ნაპოლიმ“ გაიფორმა. ხვიჩასთან ერთად „პარტენოპეიმ“ სკუდეტო 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო და ნეაპოლში მას ახალი მეტსახელი — „კვარადონა“ — შეარქვეს. ისტორიული წარმატების მიუხედავად, ხვიჩამ იცოდა, რომ დროის ამბავი იყო, მისით ევროპული გრანდი როდის დაინტერესდებოდა და ნეაპოლს როდის დატოვებდა. ეს გრანდი „პარი სენ-ჟერმენი“ აღმოჩნდა, რომელმაც ის 70 მილიონ ევროდ შეიძინა.

„პარკ დე პრენსზე“ გადასვლას ტრებლი მოჰყვა. პსჟ-მ ნანატრი ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ფინალში, რომელშიც კვარამაც გაიტანა, „ინტერი“ გაანადგურა.

კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელიც მეტოქეზე მიდის, წინსვლაზე ორიენტირებული დრიბლინგი აქვს და მოკლე მონაკვეთებში მანევრირება შეუძლია. ეს საქართველოში მიღწეული პროგრესისა და მუშაობის დამსახურებაა. კვარაცხელია ვიდეოანალიზის საშუალებით საკუთარ თამაშს ხვეწს; მას აქვს სპეციალური ვარჯიშები, რომელთა დახმარებითაც ფეთქებადობასა და მიმართულების სწრაფად შეცვლის უნარს იუმჯობესებს.

ხვიჩა ძლიერი და ზუსტი დარტყმით გამოირჩევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფლანგიდან ცენტრში შედის. მის თავდაჯერებულობას ვარჯიშებისას ამ მოძრაობის უთვალავჯერ გამეორება და სპორტდარბაზში ძალის მოსამატებელი სპეციალური რუტინები განაპირობებს.

საკუთარი თაობის სხვა ნიჭიერი ფეხბურთელების მსგავსად, კვარაცხელიას საფეხბურთო კერპიც კრიშტიანუ რონალდუა. როგორც მისი გმირი, კვარა დაცვას აქტიურად ეხმარება და კონკურენტუნარიანი მენტალიტეტი აქვს.

„ვგრძნობ, რომ გუნდში მნიშვნელოვანი როლი მაქვს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც გუნდია. აქ გადამწყვეტ მომენტებში პასუხისმგებლობას ყველა ერთად ვიზიარებთ. ფეხბურთი ძალიან მიყვარს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ გუნდმა მოიგოს და თამაშით სიამოვნება მივიღო. ფეხბურთი ჩემთვის ცხოვრებაა — მიყვარს თამაში და ფეხბურთით სიამოვნების მიღება.“

კვარაცხელია ჯერ კიდევ სწავლობს და მუშაობას აგრძელებს. მან იცის, რა ასპექტებში აქვს მოსამატებელი და ხვდება, რომ დაცვაში თამაში მნიშვნელოვანი საკითხია. ეს ანტონიო კონტესთან მუშაობისას გაიაზრა და გაკვეთილი კარგად აითვისა, რადგან ლუის ენრიკე „პარი სენ-ჟერმენში“ მისგან დაცვაში უფრო იშვიათად ჩასვლას ნამდვილად არ ითხოვს.

სწავლის პროცესში კვარაცხელია ძველი ფეხბურთელების ვიდეოებს უყურებს, განსაკუთრებით რონალდინიოს მაგიას, და ცდილობს მათი მოძრაობები ვარჯიშებზე დაამუშაოს, შემდეგ კი საკუთარი არსენალი გააძლიეროს. „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლის შემდეგ კვარაცხელია უმნიშვნელოვანესი მატჩების მონაწილეა და ზუსტად იმ სიტუაციაშია, რაშიც მისი ფავორიტი სპორტსმენები იყვნენ. იგი NBA-ის დიდი გულშემატკივარია და კობი ბრაიანტი და კევინ დურანტი უყვარს.

„მნიშვნელოვანი შეხვედრებით ყოველთვის სიამოვნებას ვიღებდი. საუბარია მატჩებზე, რომლებშიც მონაწილეობაზე უარს არავინ იტყოდა. მეტი ზეწოლა, მეტი ინტენსიურობა, მაგრამ ამავდროულად მეტი მოტივაცია. ჩემი აზრით, ეს არის სიტუაცია, როცა შეგიძლია შენი ნამდვილი ხასიათი აჩვენო,“ — ამბობს კვარა.

2022 წლის აგვისტოში კვარაცხელიამ ერთ-ერთ ინტერვიუში გაამხილა, რომ უკვე ერთი წელი იყო, რაც ნიცა თავაძეს ხვდებოდა — ქართველ სტუდენტს, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა.

მათი ტრადიციული ქართული ქორწილი 2023 წლის ოქტომბერში მცხეთის სამთავროს მონასტერში გაიმართა, ხოლო 2024 წლის 21 აგვისტოს თბილისში წყვილს პირველი შვილი — ვაჟი, დამიანე — შეეძინა. კვარაცხელიას პირად ცხოვრებაზე ბევრი რამ ცნობილი არ არის. მოედნის მიღმა ის რადიკალურად განსხვავებულია. თუ მოედანზე უშიშარი და აგრესიულია, მის მიღმა მშვიდი და თავშეკავებულია.

ადამიანები, რომლებიც მას ყველაზე კარგად იცნობენ, ამბობენ, რომ თავმდაბალი ოჯახის კაცია — სრულიად განსხვავებული იმ ხელოვნურად შექმნილი სუპერვარსკვლავის იმიჯისგან, რომელსაც ბევრი ფეხბურთელი ატარებს. მისი მეგობრები განსაკუთრებით აღნიშნავენ მის გულუხვობას — თვისებას, რომელიც ყოველთვის ჰქონდა, მაშინაც კი, როცა დიდი ფული არ გააჩნდა.

კვარაცხელია პატრიოტია და კარგად ესმის, რომ მოედანზე მხოლოდ საკუთარ თავს არ წარმოადგენს, არამედ მაგალითია ქართველი ახალგაზრდებისთვისაც.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საიდან მოვდივარ. საქართველოში იდენტობა ძალიან ძლიერი რამ არის და ყოველ ჯერზე, როცა მოედანზე გავდივარ, ვცდილობ ეს წარმოვაჩინო.“ ქართველები ცნობილები არიან ძლიერი იდენტობით, კულტურისადმი სიამაყით და ჯიუტი გამძლეობით, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იმპერიებს შორის არსებობით ჩამოყალიბდა. კვარაცხელია ამ ყველაფრის განსახიერებაა — უშიშარი ფეხბურთელი, რომელიც ყოველ ჯერზე, როცა მცველს უტევს, თითქოს მთელ ქვეყანას თან ატარებს. მისი გზავნილი საქართველოს ახალგაზრდებისთვის მარტივია: „იცოდეთ, რომ მე აქ ვარ. ეს შესაძლებელია. თქვენც შეგიძლიათ ამ დონეს მიაღწიოთ,“ — ასრულებს BBC.

ცნობისთვის, მერვედფინალის პირველ შეხვედრას „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარ კედლებში გამართავს. მატჩი 11 მარტს, თბილისის დროით, 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უოტფორდმა ბოლოადგილოსანთან ქულები დაკარგა | ჩაკვეტაძე აქტიური იყო
უოტფორდმა ბოლოადგილოსანთან ქულები დაკარგა | ჩაკვეტაძე აქტიური იყო