უოტფორდმა ბოლოადგილოსანთან ქულები დაკარგა | ჩაკვეტაძე აქტიური იყო
ინგლისის ჩემპიონშიფის 37-ე ტურში ბოლოადგილოსანი შეფილდ უენსდეი შინ უოტფორდს 1:0-ს ამარცხებდა, თუმცა 90-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს და შეხვედრა 1:1 დასრულდა.
უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმ ედ სტილმა ქართველი ფეხბურთელები, საბა გოგლიჩიძე და გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა. პირველ ტაიმში ჩაკვეტაძე აქტიური იყო, მწვავე და გონივრულ პასებს აკეთებს, გოლის გატანა თავადაც შეეძლო, თუმცა მახვილი კუთხიდან ააცილა. მეორე ტაიმში ჩაკვეტაძე პასიური იყო. 84-ე წუთზე შეცვალეს.
გაშვებული გოლის ეპიზოდში საბა გოგლიჩიძე შეცდა, მეტოქის შემტევი ვერ გაანეიტრალა, რომელმაც თავური დარტყმით გაიტანა.
პირველ ტაიმში საბამ ტრავმა მიიღო, თუმცა ამის მიუხედავად თამაში გააგრძელა. მატჩის დამატებულ წუთზე მეტოქის შეტევა განმუხტა, წარმატებული მოქმედების შემდეგ ემოცია ქომაგების მისამართით გამოხატა.
ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში ჩაკვეტაძემ 20 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 1 საგოლე პასია. ჩაკვეტაძეს ჩემპიონშიფში ჩატარებულ ბოლო 36 მატჩში გოლი არ გაუტანია.
გოგლიჩიძე, რომელიც უდინეზეს საკუთრებაა, უოტფორდს გასულ ზამთარში იჯარით შეუერთდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ჩემპიონშიფში 5 მატჩი ჩაატარა (4 სასტარტო შემადგენლობაში).
ჩაკვეტაძისა და გოგლიჩიძის გუნდი 52 ქულით მე-9 ადგილზეა, საუკეთესო ექვსეულს 5 ქულით ჩამორჩება, თუმცა მეექვსე ადგილზე მყოფ გუნდს ერთი მატჩი მარაგში აქვს.
ჩემპიონშიფში უოტფორდი შემდეგ მატჩს სტოკთან, 14 მარტს გამართავს.