ორივეს მენეჯერი ნაძირალაა | თოფურიას ვრცელი პოსტი მახაჩევსა და გეიჯზე
ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ ისლამ მახაჩევისა და ჯასტინ გეიჯის მისამართით X-ში ვრცელი პოსტი დაწერა.
„ისლამმა ისევ მოიგონა რაღაც მიზეზი. ამჯერად ტრავმას იმიზეზებს.
ყოველთვის ვიცოდი, რომ „თეთრი სახლის“ ღონისძიებაზე გამოვიდოდი. იმ დროსაც კი, როცა UFC-ში მითხრეს, რომ ამ ივენთზე ჩემს გამოსვლას არ გეგმავდნენ, ვიცოდი, რომ ეს უბრალოდ მოლაპარაკების ნაწილი იყო.
როცა საბოლოოდ დამიდასტურეს, რომ „თეთრი სახლის“ ქარდზე ვიქნებოდი, ისლამიც ახსენეს და წამითაც არ მიყოყმანია, ისე დავთანხმდი ჩხუბს.
მართალია, ბრძოლა ოფიციალურად ჯერ არ იყო დადასტურებული, მაგრამ „თეთრი სახლის“ ქარდი მეორე დღეს უნდა დაეანონსებინათ. დილით რომ გავიღვიძე, გავიგე, რომ ისლამმა ტრავმა მიიღო.
და მერე გამოჩნდა ჯასტინ გეიჯი.
ისევ ვიღაც სხვას მოუწევს ისლამის გაქცევის გამო საფასურის გადახდა.
ორივეს მენეჯერი ნაბიჭვარია და თანაც საშინლად მახინჯი.
ჯასტინ, შევხვდებით „თეთრ სახლში“. მე არ ვარ ისეთი ადამიანი, ვინც ხალხს ამცირებს.
ყველაფერი სწრაფად მოხდება. როცა გაიღვიძებ, უკვე ყველაფერი დასრულებული იქნება.“
14 ივნისს (თბილისის დროით უკვე 15 ივნისს) აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენცია, თეთრი სახლი, UFC-ის ღონისძიებას უმასპინძლებს. 2026 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების სახელია UFC Freedom 250 და მისი მონაწილეების ვინაობა უკვე ოფიციალურად დადასტურდა. UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება. „ელ მატადორი“ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს დაიცავს და დროებითი საჩემპიონო ქამრის მფლობელს შეხვდება. თოფურია აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც უწერია, რომ მისი რეკორდი უკვე 18:0-ია (ამჟამად 17:0 აქვს).
პარასკევს UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ჩხუბი, რომელიც „თეთრ სახლში“ უნდა გამართულიყო, ჩაიშალა. უაითის განცხადებას სპეკულაციები მოჰყვა და რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზემოთ ხსენებული ჩაშლილი ორთაბრძოლა ისლამ მახაჩევსა და ილია თოფურიას შორის უნდა ყოფილიყო. გამთენიისას, Zuffa Boxing 4-ის შემდგომ პრესკონფერენციაზე უაითს ამ თემაზე შეკითხვა დაუსვეს. დენამ გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ თოფურიასა და მახაჩევის ორთაბრძოლა არ განიხილებოდა.
„ეს სიმართლე არ არის. მახაჩევისა და თოფურიას ორთაბრძოლა საერთოდ არ ყოფილა დაგეგმილი. ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ, რომელი ჩხუბებია ჩანიშნული და რომელ ორთაბრძოლებს ვიხილავთ. უკვე გითხარით, რომ ჩაშლილი ბრძოლის გარშემო ძალიან უცნაური გარემოებები იყო. Power Slap-ის ტურნირის მიმდინარეობისას გავიგეთ, რომ ერთი ჩხუბი ჩაიშალა და მიკ მეინარდი, ჰანტერ კემპბელი და შონ შელბი ოფისში დაბრუნდნენ. ისინი იქ დილის 9 საათამდე მუშაობდნენ და ჯასტინ გეიჯი თეთრი სახლის ტურნირზე სწორედ ასე აღმოჩნდა. თავდაპირველად თოფურია ამ ღონისძიებაზე საერთოდ არ უნდა ყოფილიყო, თუმცა ბოლოს მასაც დაურეკეს. რაც შეეხება მახაჩევს, მას ხელის პრობლემები აქვს. არ ვიცი, რამდენად სერიოზულია და რამდენ ხანს ვერ იჩხუბებს, მაგრამ ვიცი, რომ ტრავმირებულია“, — აღნიშნა დენამ.