დრონით მეზობლები შეაწუხა - როდრის პოლიციაში უჩივლეს
„მანჩესტერ სიტის“ ესპანელი ნახევარმცველი როდრი მორიგ სკანდალში გაეხვა. გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, 2024 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულს მეზობლებმა პოლიციაში უჩივლეს.
როგორც ირკვევა, როდრი ქალაქ სალფორდში, ელიტურ მრავალსართულიან კომპლექსში ცხოვრობს და ახალი გატაცება აქვს: პერიოდულად ის თავისი აივნიდან დრონს უშვებს, რითაც არაერთი მეზობელი შეაწუხა.
„პოლიციაში მისვლამდე როდრის მეზობლები აქტიურად განიხილავდნენ მის ქმედებებს სამეზობლოს ჩატში. იქვე გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც როდრი თავის აივანზე დგას, ხელში კი დრონის პულტი უჭირავს“, - წერს გამოცემა.
Daily Mail-ს პოლიციაში დაუდასტურეს, რომ ფეხბურთელის რამდენიმე მეზობლის ერთობლივი საჩივარი მიიღეს და საქმეზე მოკვლევა დაიწყეს.
„ტელევიზორს ვუყურებდით და ფანჯრიდან ერთ მეტრში დრონი დავინახეთ. ეს ძალიან აწუხებს ჩემს ცოლს. მაღალ სართულებზე ცხოვრების უპირატესობა ისაა, რომ ფანჯრებში არავინ იყურება, მაგრამ ახლა როდრი თავისი დრონით გვაწუხებს“, - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.
ცნობისთვის, როდრიმ მიმდინარე სეზონში „სიტის“ მაისურით 24 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. სეზონის პირველი ნაწილი მას ტრავმის გამო გაუცდა.