სკამი, რომელზეც ილიამ მარცხი აღიარა, აუქციონზე იყიდება | მიმდინარე ფასი ცნობილია
ესპანური Mundodeportivo ილია თოფურიასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. UFC საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე აუქციონზე ყიდის იმ წითელ სკამს, რომელზეც ილია თოფურიამ უარი თქვა ბრძოლის გაგრძელებაზე და MMA-ში თავისი პირველი პროფესიონალური მარცხი აღიარა. თეთრ სახლში გამართულ უნიკალურ ტურნირზე, UFC Freedom 250-ზე გამოყენებული ეს „სამუზეუმო ექსპონატი“ ნებისმიერი გულშემატკივრისთვის ხელმისაწვდომია და ფსონის დადება 30 ივნისამდეა შესაძლებელი. ამ მომენტისთვის სკამის ფასმა უკვე 13 700 დოლარს მიაღწია (მიმდინარე კურსით თითქმის 12 000 ევრო) და სავარაუდოა, რომ აუქციონის დასრულებამდე ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება. აუქციონი 30 ივნისამდე გაგრძელდება.
„ეს უკვე სახელგანთქმული სკამი ამ ბრძოლის მთავარი სიმბოლო გახდა, რადგან სწორედ მასზე მჯდომმა ილია თოფურიამ და მისმა კუთხემ — კერძოდ, მისმა ძმამ ალექსანდრემ — თქვეს „საკმარისია“. „მატადორი“ ვაშინგტონში გამართულ სისხლიან და სასტიკ ორთაბრძოლაში პრაქტიკულად დაბრმავებული, ორბიტალური ძვლისა და ცხვირის მოტეხილობებით მეოთხე რაუნდამდე უძლებდა მეტოქეს. მიღებული ტრავმების გამო, ბრძოლაზე უარის თქმის შემდეგ, ის სასწრაფო დახმარების მანქანით აშშ-ის დედაქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს'' - ვკითხულობთ Mundodeportivo-ს სტატიაში.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაკარგა. მიღებული დაზიანებების შემდეგ ქართველი მებრძოლი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს და გაწერეს. ცნობილი გახდა, რომ ათლეტურმა კომისიამ ილიას ბრძოლის გამართვა მინიმუმ 6 თვით აუკრძალა, 60 დღის განმავლობაში კი კონტაქტური ვარჯიშის ჩატარებას ვერ შეძლებს.