„ეს დივიზიონს უფრო მეტად აამოძრავებს“ - მანუელ ტორესი ილიას მარცხზე
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა და ამავე წონის რეიტინგის მე-13 ნომერმა, მექსიკელმა მანუელ ტორესმა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გეიჯის გამარჯვებით გაკვირვებული იყო.
რას ამბობს ტორესი:
„ველოდი თუ არა ბრძოლის ასე წარმართვას? ეს გასაკვირი იყო, რადგან თუ დაფიქრდებით, მათ ოთხი რაუნდი იბრძოლეს, მან კი გეიჯის დაფინიშება ვერ შეძლო. ილიამ მის წინააღმდეგ საერთოდ ვერაფერი გააწყო. ოთხი რაუნდის განმავლობაში ცდილობდა, მართლაც მაქსიმუმს აკეთებდა, ძლიერი დარტყმების განხორციელებას ცდილობდა, დროდადრო არტყამდა კიდეც, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო.“
„ზოგჯერ სუსტ წერტილებსაც პოულობდა, ერთ მომენტში ტანში და ღვიძლში მორტყმული დარტყმებიც დავინახეთ, მაგრამ მან ბრძოლის დასრულება ვერ შეძლო, და საბოლოოდ, ჯასტინი უბრალოდ უფრო ძლიერი აღმოჩნდა.“
„ვფიქრობ, ახლა ეს დივიზიონს უფრო მეტად აამოძრავებს. ეს სხვა მებრძოლებსაც მისცემს შანსს. გაკვირვებული დავრჩი, მაგრამ გარკვეულწილად ჯასტინს ვგულშემატკივრობდი ამ კონკრეტულ შემთხვევაში. მის მხარეს ვიყავი. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა ჩემთვის კარგად ჩაიარა.“
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაკარგა. მიღებული დაზიანებების შემდეგ ქართველი მებრძოლი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს და რამდენიმე საათის წინ გაწერეს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ათლეტურმა კომისიამ ილიას ბრძოლის გამართვა მინიმუმ 6 თვით აუკრძალა, 60 დღის განმავლობაში კი კონტაქტური ვარჯიშის ჩატარებასაც ვერ შეძლებს.