„თითქოს საერთოდ არ უჩხუბია“ | როგორია ილიას ჯანმრთელობის მდგომარეობა
ილია თოფურიას ფიზმომზადების მწვრთნელი, ხესუს გალიო, SerEbro EnlosDeportes პოდკასტის სტუმარი იყო. გალიომ „ელ მატადორის“ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
„გამოჯანმრთელების პროცესი ყველა მებრძოლთან მიმართებით სხვადასხვანაირია. ყველა ორგანიზმი განსხვავებულად რეაგირებს. ფიზიკურად, რაც საკუთარი თვალით ვნახე, შემიძლია გითხრათ, რომ ილია საერთოდ სხვა ადამიანივით გამოიყურება.
რა თქმა უნდა, დისკომფორტს გრძნობს, მაგრამ უკვე ისე გამოიყურება, თითქოს საერთოდ არ უჩხუბია. სახეზე ის ადგილები, რომლებიც დასიებული ჰქონდა, სრულად ჩაუცხრა. დალურჯებებიც აღარ აქვს. სახეზე დისკომფორტი და მომატებული მგრძნობელობა კვლავ აწუხებს, მაგრამ მას ყოველდღე ვხედავ და შემიძლია ვთქვა, რომ გამოჯანმრთელებული ადამიანივით გამოიყურება.
თვალბუდის ძვლის მოტეხილობა? ექიმმა გვითხრა, რომ ძვალი 6-8 კვირაში სრულად აღდგება, რადგან თვალბუდის ძვლის მოტეხილობა ფრაგმენტების გადანაცვლების (ცდომის) გარეშეა (ეს ნიშნავს, რომ ძვალმა დაკარგა თავისი მთლიანობა, მაგრამ მისი ანატომიური ფორმა და გეომეტრია არ დარღვეულა). ძვალი 6-8 კვირაში თავისით აღდგება, რის შემდეგაც გარკვეული დრო იქნება საჭირო, რათა იგი სრულად გამყარდეს. საუბარი დაახლოებით 2-3 თვეზეა“.
შეგახსენებთ, რომ თოფურიას ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდა და საავადმყოფოდან მალევე გაწერეს. გალიოს თქმით, თუ ორგანიზაციისგან შეთავაზება მიიღო, შესაძლოა, ილიამ ჩხუბი წლის ბოლოს შეძლოს.