„ახლა სამივეს ლიგა გვაქვს მოგებული“ - ჟოზემ ცნობილ ფოტოზე ისაუბრა
მადრიდის „რეალის“ ახალმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ „რეალში“ დაბრუნების მიზეზებზე, „ბარსელონაში“ გატარებულ პერიოდზე და სხვა საკითხებზე ისაუბრა.
„მადრიდის „რეალი“ მიყვარს და ამიტომ დავბრუნდი. დადგა დრო, ვიმოქმედოთ მშვიდად, გავაანალიზოთ ყველაფერი და ღიად ვისაუბროთ ყველა თემაზე. ჩემი გაწვრთნილი „რეალი“ დაცვაზე იყო ორიენტირებული? ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი ჩვენ გვაქვს გატანილი!
„რეალი“ მიყვარს, თუმცა „ბარსელონას“ მიმართ ნეგატიურად არ ვარ განწყობილი. იქ შესანიშნავი დრო გავატარე. როდესაც კატალონიაში გადავედით საცხოვრებლად, ჩემი ქალიშვილი ერთი თვის იყო, ჩემი ვაჟიშვილი კი იქ დაიბადა. ამ დროს ყოველთვის თბილად ვიხსენებთ.
თუმცა ეს ფეხბურთია - ძალიან ბევრჯერ მითამაშია „ბარსას“ წინააღმდეგ, ჯერ კიდევ „ჩელსით“, შემდეგ „ინტერითა“ და „რეალით“. სიამოვნებას ვიღებ „ბარსას“ წინააღმდეგ თამაშით, ვინაიდან ფეხბურთში ზუსტად საუკეთესოების წინააღმდეგ თამაშია მიმზიდველი. საუკეთესოები გაიძულებენ, შენი საქმე უკეთესად გააკეთო“.
ჟოზემ ასევე ისაუბრა „ბარსელონას“ ვარჯიშზე გადაღებულ ცნობილ ფოტოზე, რომელზეც მასთან ერთად ლუის ენრიკე და პეპ გუარდიოლა არიან.
„მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და მწვრთნელის ასისტენტად ვმუშაობდი. პეპი და ლუჩო ჯერ კიდევ ფეხბურთელები იყვნენ. ისინი მაშინ მხოლოდ საფეხბურთო კარიერაზე ფიქრობდნენ, ახლა ჩვენ სამივეს ჩემპიონთა ლიგა გვაქვს მოგებული, თუმცა მაშინ ამაზე არც ერთი ჩვენგანი არ ფიქრობად.
რა თქმა უნდა, ყველა ნათლად ხედავდა, რომ პეპი ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელი იყო და შესანიშნავად კითხულობდა თამაშს. ლუის ენრიკე ლიდერი და მოტივატორი იყო - მაშინ ესეც ყველამ ძალიან კარგად იცოდა“.
შეგახსენებთ, რომ მოურინიომ „რეალი“ ალვარო არბელოასგან გადაიბარა. პორტუგალიელი სპეციალისტი „სამეფო კლუბში“ 2010–2013 წლებშიც მუშაობდა და „ბლანკოსთან“ ერთად ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო.