რა ელის ტაბატაძეს? - კადისი ყველა ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს
იური ტაბატაძის „კადისი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შემადგენლობის ძირეულად შეცვლას აპირებს. როგორც კლუბთან დაახლოებული ჟურნალისტი, ანხელ გარსია ამტკიცებს, კლუბის ხელმძღვანელებმა ძირითადი გუნდის თითქმის ყველა ფეხბურთელის გაყიდვა გადაწყვიტეს და მათ შორის, გამონაკლისი შესაძლოა, არც იური ტაბატაძე იყოს.
გარსია ამბობს, რომ კლუბი ყველა მოთამაშეზე მოისმენს შეთავაზებას და თითოეული მათგანი ტრანსფერზე დააყენა. „კადისის“ მხრიდან უკვე არსებობს ინიციატივები ზოგიერთი ფეხბურთელის გასაშვებად. ესპანური კლუბი განსაკუთრებულად ძვირფას აქტივებად მიიჩნევს იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებიც კლუბის აკადემიაში აღიზარდნენ და რომელთა სანაცვლოდაც თანხის მიღება შეუძლია.
მომავალ კვირაში, გუნდი ახალ სპორტულ პროექტს წარადგენს და ბევრი ფეხბურთელის ბედიც, სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა. ეს ცვლილებები „კადისის“ ბოლოდროინდელი შედეგებიდან არის განპირობებული. ლა ლიგა 2-ის გასულ სეზონში კლუბი ბოლო ტურებში გადაურჩა ქვედა ლიგაში დაქვეითებას, რამაც ხელმძღვანელების უკმაყოფილება გამოიწვია. „კადისი“ ლა ლიგა 2-ში 2 სეზონის წინ დაქვეითდა და ახლა, ზედიზედ მესამედ მოუწევს ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში თამაში.