„ვერ ვიძინებდი, მისით მთელი საქართველო ამაყობს“ | მერაბმა გეიჯი-თოფურიაზე ისაუბრა
მერაბ დვალიშვილი MMA Junkie-ის პოდკასტის სტუმარი იყო. „მანქანამ“ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ელ მატადორის“ მარცხმა მასზე ძალიან იმოქმედა.
„ილია მსუბუქი წონითი დივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია. ჩემთვის ის მაინც გამარჯვებულია. მეორე რაუნდში ჯასტინი დაანოკდაუნა და გამარჯვებასთან ახლოს იყო. დარტყმები რომ გაეგრძელებინა, მას დააფინიშებდა კიდეც, თუმცა ილიამ თქვა, რომ რაღაც განსაკუთრებული, ეპიკური ფინიში უნდოდა და მახრჩობელა ილეთზე წავიდა. დარწმუნებული ვარ, მისი დაძინება სურდა, ჯასტინმა კი ჭკვიანურად იმოქმედა, ოქტაგონზე დაწვა და ასე გადარჩა.
მინდა, რამდენიმე რამ აღვნიშნო. ილია პირველივე რაუნდიდან ერთ თვალში ვეღარ ხედავდა. გეიჯის დიდ პატივს ვცემ, მან მაგარი ჩხუბი ჩაატარა, მაგრამ ერთ მომენტში თოფურიას თვალში თითი მოარტყა და ვფიქრობ, ამან ილიაზე იმოქმედა. როგორც ვიცი, ცხვირი გაიტეხა, თვალბუდის ძვალიც... პრაქტიკულად ვერ ხედავდა, ცხვირი ჰქონდა გატეხილი და მაინც ბოლომდე იბრძოლა. ძალიან მაგარია და ჩემთვის გამარჯვებულია. უძლიერესი ბრძოლა იყო. ილიამ ნამდვილი ხასიათი და სიმტკიცე აჩვენა.
ვულოცავ გეიჯის, მაგრამ იმედია, კარიერას არ დაასრულებს, რათა რევანში გაიმართოს. მჯერა, ილია რევანშს მოიგებს, ან კიდევ, რომ იჩხუბონ და ტრილოგია მოაწყონ, ილია მესამე ორთაბრძოლაშიც გამარჯვებული გამოვა.
მოკლედ... ჩემთვის ძალიან მძიმე კვირა იყო, რადგან ვიცი, ილია რამდენს შრომობდა. ვიცი, რა დონის მებრძოლია და გული მეტკინა მისი წაგების ნახვით. ძალიან ემოციური იყო და ვერც კი ვიძინებდი. მჯერა, ილია ამ დაბრკოლებას გადალახავს, დაბრუნდება, ჩემპიონი გახდება და გამარჯვებების სერიას გააგრძელებს.
ილია მიყვარს და მისით ძალიან ვამაყობ. მას მთელი საქართველო უყურებს და მისით ვამაყობთ. ის განსაკუთრებულია. მისი ასეთი წაგების ყურება მართლაც გამანადგურებელი და ძალიან, ძალიან მძიმე იყო“.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა ილიას სოციალურ ქსელში მხარდაჭერა ბევრჯერ გამოუცხადა და ამავე პოდკასტში არმან ცარუკიანიც გააკრიტიკა. „მანქანის“ თქმით, მას ძალიან არ მოსწონს, ცარუკიანი „ელ მატადორზე“ ისევ ბინძურად რომ ლაპარაკობს.