ბარსელონა ვალენსიასთან დამარცხდა - შენგელია ესპანეთის ვიცე-ჩემპიონია
ესპანეთის ჩემპიონატის ფინალური სერიის მეოთხე მატჩში თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ „ვალენსიას“ უმასპინძლა და 84:108 დამარცხდა.
პირველი მეოთხედი სტუმრებმა 3 ქულით მოიგეს, დიდ შესვენებაზე კი უკვე 12-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მესამე მეოთხედის ბოლოს „ბარსა“ უკვე 18 ქულას აგებდა და საბოლოოდ 24 ქულით დამარცხდა.
ამგვარად, ანგარიში „ვალენსიას“ სასარგებლოდ 3:1 გახდა - ეს „ვალენსიას“ ისტორიაში მეორე ჩემპიონობაა.
შენგელიამ პარკეტზე 29:50 წუთი გაატარა და თანაგუნდელებს 15 ქულით, 4 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემით და 3 ჩაჭრით დაეხმარა. შენგელიამ 6-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
აქვე გეტყვით, რომ შენგელიას ესპანეთის ჩემპიონატის მოგება მეორედ შეეძლო. პირველად საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ესპანეთის ჩემპიონატი 2020 წელს, „ბასკონიასთან“ ერთად მოიგო.