იბერია 1999
Aa
Aa

არნახული პრემია იბერიას ფეხბურთელებს - 3,5 მილიონი ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში

11 აგვისტო შესაძლოა ქართული ფეხბურთისთვის ისტორიულ თარიღად იქცეს - ასე ახლოს რომელიმე ევროპული საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპთან ძალიან დიდი ხანია არ ვყოფილვართ. Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის ბოლო ორი სეზონის უცვლელი ჩემპიონი „იბერია 1999“ კი, კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპთან ერთ ნაბიჯშია - იმ შემთხვევაში თუ დღეს თბილისის გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნეს“ დაამარცხებს, ევროპა ლიგის პლეი ოფში გასვლის პარალელურად, მინიმუმ კონფერენს ლიგის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობას გაინაღდებს.

როდესაც ესა თუ ის კლუბი იგებს, წარმატება მწვრთნელის განსწავლულობისა და ფეხბურთელების მაღალი ხარისხის გარდა, სწორი მენეჯმენტისა და ხელმძღვანელების კარგი მუშაობის დამსახურებაა. ამ მხრივ კი თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ თბილისის გუნდის პრეზიდენტის, ტარიელ ხეჩიკაშვილის მუშაობა სამაგალითო და მოთამაშეებისთვის დიდი სტიმულის მიმცემია. ხშირ შემთხვევაში ევროტურნირების ერთი ეტაპის გადალახვისთვის ბონუსებს ფეხბურთელებს იშვიათად აძლევენ, „იბერია 1999“-ის მოთამაშეებმა კი, ხელმძღვანელთა კეთილი ნების შედეგად, ესტონეთის „ფლორას“ ძლევისა და ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის დაძლევისთანავე პრემიის სახით ნახევარი მილიონი ლარი მიიღეს. ამა თუ იმ ეტაპის გავლის შემთხვევაში, ბუნებრივია UEFA კლუბებს პრემიალურებს ურიცხავს, თუმცა ეს დროში გაწელილი პროცესია და „იბერია 1999“-ის შეფები ამ თანხას არ დალოდებიან და დაპირებული თანხა უკვე ყველა წევრს ჩაერიცხა.

პრემიების გარეშე „იბერიელები“ არც „ლარნესთან“ გამარჯვების შემთხვევაში დარჩებიან და მათი სტიმულირებისთვის მილიონახევარი ლარია გამოყოფილი, საიდანაც მილიონი კლუბის ხელმძღვანელებმა, ნახევარი მილიონი კი სპონსორებმა გაიღეს. ასევე 1,5 მილიონ ლარს მიიღებენ „იბერიას“ წევრები მომდევნო რაუნდში „იაგელონია“ – „რეინჯერსის“ წყვილში გამარჯვებულის ძლევის შემთხვევაში, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთო ჯამში ევროპა ლიგის ჯგუფში თუ შევლენ ფეხბურთელთა პრემიალური შემოსავალი - 3,5 მილიონ ლარს, კონფერენს ლიგაზე გასვლის შემთხვევაში კი 2 მილიონს გაუტოლდება. ისიც სათქმელია, რომ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში „იბერია 1999“-ის მოთამაშეები ხელფასებს დროულად იღებენ, რაც ქართული რეალობიდან გამომდინარე ასევე იშვიათი შემთხვევაა და ყოველივე ეს კლუბის სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობის კიდევ ერთი განმაპირობებელი ფაქტორია.

შეგახსენებთ, რომ „იბერია 1999“ – „ლარნეს“ მატჩი „მიხეილ მესხის“ სტადიონზე დღეს, 20:00 საათზე დაიწყება და წარმატების შემთხვევაში „იბერიელები“ 22-წლიანი პაუზის შემდეგ გახდებიან თბილისის „დინამოს“ შემდეგ რიგით მეორე ქართული კლუბი, რომლებიც ევროტურნირის ჯგუფური ეტაპის საგზურს მოიპოვებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვალინდელი დღის მნიშვნელობა გააზრებული გვაქვს“ - დემჩენკოს პრესკონფერენცია
„ხვალინდელი დღის მნიშვნელობა გააზრებული გვაქვს“ - დემჩენკოს პრესკონფერენცია