იბერია 1999, ნიკოლოზ სიხარულაშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, ნიკოლოზ დადიანი
Aa
Aa

„ეს დღე ისტორიულად უნდა ვაქციოთ“ – იბერიელები ლარნესთან მატჩის წინ

ქართული ფეხბურთის ისტორიაში ხვალინდელი დღე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია - Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონი „იბერია 1999“ „მიხეილ მესხის“ სტადიონზე „ლარნეს“ უმასპინძლებს და მეტოქის დამარცხების შემთხვევაში, მინიმუმ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს, რაც საქართველოს წარმომადგენელს 2004 წლის შემდეგ არ გაუკეთებია. უპრინციპულესი თამაშის წინ „იბერიას“ სამმა ფეხბურთელმა მედიისთვის კომენტარი გააკეთა.

ნიკოლოზ დადიანი

„ლარნესთან“ საგარეო მატჩი ძალიან რთული გამოდგა, რადგან მგზავრობასთან დაკავშირებით რა პრობლემებიც შეგვექმნა ყველამ კარგად იცის. მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით მაინც ძალიან მაგრად ვიბრძოლეთ. ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ არ წაგვეგო. მოსაგებად გავედით მოედანზე, მაგრამ ისე მოხდა, რომ საბოლოო ჯამში ნულოვანი ყაიმით დასრულდა თამაში. ახლა უკვე ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს. ვეღარ ვითმენთ, როდის დადგება ხვალინდელი მატჩი, ვიცით, რომ ბევრი გულშემატკივარი მოვა და დიდი იმედი გვაქვს, რომ 11 აგვისტო ისტორიულ დღედ გადაიქცევა.

ალექსანდრე ამისულაშვილი

„ლარნე“ მარტივი მეტოქე რა თქმა უნდა არ არის - ბრიტანულ სტილს და გრძელ პასებს ანიჭებენ უპირატესობას და ორთაბრძოლებში კარგად შედიან, მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერს ნამდვილ ქართულ ფეხბურთს დავუპირისპირებთ და იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება.

ნიკოლოზ სიხარულაშვილი

შემართებაზე და მოტივაციაზე საუბარი ზედმეტია. სრული კონცენტრაცია გვაქვს ამ თამაშზე. გულშემატკივარს ვპირდებით, რომ დასახულ მიზანს მივაღწევთ და ევროტურნირის ჯგუფური ეტაპის საგზურს მოვიპოვებთ.

ცნობისათვის, მიმდინარე ზაფხულს ევროპულ საკლუბო ტურნირზე „იბერია 1999“-მა ხუთი მატჩი ჩაატარა, საიდანაც ერთი მოიგო, სამი ფრედ დაასრულა და ერთში დამარცხდა. „ლარნეს“ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში „იბერიელები“ ევროპა ლიგის პლეი ოფში გავლენ, რითაც მინიმუმ უეფას კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობას გაინაღდებენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„რთულ თამაშს ველით. იმედი გვაქვს, რომ გავიმარჯვებთ“ - ლარნეს პრესკონფერენცია
„რთულ თამაშს ველით. იმედი გვაქვს, რომ გავიმარჯვებთ“ - ლარნეს პრესკონფერენცია