„ბევრი გააკეთა, ცუდიც, კარგიც, მაგრამ ყოველთვის კარგი უნდოდა“ - მერებაშვილი ფიფიაზე, ქეცბაიაზე და დინამოზე
ფარერების „კლაკსვიკი“, მალტის „ჰამრუნი“, ესტონეთის „პაიდე“ - ამ კლუბების სიას, რომელთანაც თბილისის „დინამომ“ ევროტურნირებზე სამარცხვინო მარცხი განიცადა, წელს ლიეტუვის „ჟალგირისი“ შეუერთდა. შესაძლოა, რაღაც მომენტში ეს წაგება კიდევ უფრო გულდასაწყვეტი გახლდათ, რადგან თემურ ქეცბაიას მომზადებულმა კრებულმა თბილისში გამართული ფეხბურთი ითამაშა და ვილნიუსში 3-ბურთიანი ჰანდიკაპით გაემგზავრა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და გულშემატკივრები კიდევ ერთხელ დაამწუხრა. Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი მერებაშვილმა წლევანდელ ევროპულ საკლუბო ტურნირებზე Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის ყველა წარმომადგენლის ასპარეზობა შეაფასა, თუმცა როგორც ყოფილმა „დინამოელმა“ ყველაზე მეტი ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდზე ისაუბრა.
გიორგი მერებაშვილი
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საქართველოს წარმომადგენლები ევროპულ საკლუბო ტურნირებზე არცთუ ისე სახარბიელოდ გამოიყურებიან, 2026 წელს მაინც იმედით ვხვდებოდი და მჯეროდა, რომ ჩვენი ქვეყნის რომელიმე წარმომადგენელი ევროსარბიელის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას შეძლებდა. არ ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ, რომ სპორტსმენი ვარ და ბოლომდე ოპტიმისტურ განწყობას ვინარჩუნებ. პრობლემის ძირითადი არსი რაში მდგომარეობს? ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ - საქართველოს კლუბებში ხშირია შემადგენლობისა და მწვრთნელების ცვლა, რაც ძალიან ცუდია და იმედია, ადრე თუ გვიან ეს პრობლემა მოგვარდება. ნებისმიერი კლუბის მიზანი უნდა იყოს ისეთი ძირითადი ბირთვის შეკვრა, რომელიც 2-3 წელი მაინც უცვლელი დარჩება.
მსოფლიო ფეხბურთში ბევრი მაგალითი ყოფილა, რომ მაღალი დონის ოსტატებით დაკომპლექტებულ კლუბს ვერაფრისთვის მიუღწევია, ხოლო საშუალო დონის მოთამაშეებს დიდი შედეგი დაუდიათ. რატომ და რის ხარჯზე ხდება ეს? პირველ რიგში შეთამაშების ხარჯზე. „დინამო თბილისში“ ჩემს ბოლო პერიოდსაც გავიხსენებ, როდესაც 2 წელიწადში კლუბი სამჯერ დაიშალა და თავიდან აიწყო ბრჭყალებში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს პრობლემა აბსოლუტურად ყველა გუნდშია.
„ტორპედოსთან“ დაკავშირებით დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან კლუბის შიგნით რა და როგორ ხდება, წარმოდგენა არ მაქვს, თუმცა სახარბიელო მდგომარეობა რომ არ გახლავთ, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. მე რასაც ვხედავ, ქუთაისის გუნდში არ არის ის მიდგომები და გარემო, რომელიც წარმატებისთვის მებრძოლ კლუბში უნდა იყოს.
რაც შეეხება „დილას“, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, ეს პრობლემა გორელებს ყოველთვის აწუხებთ, რადგან მათ რიგებში სისტემატიური ხასიათი აქვს შემადგენლობის ცვლას და მართალია, ხანდახან ახალი დამატებული ლეგიონერებით წარმატებებს აღწევდნენ, მაგრამ ამჯერად ამის გაკეთება არ გამოუვიდათ. რა გითხრათ, რთულია 3 თვის აწყობილი გუნდით რაიმე წარმატებას მიაღწიო.
„იბერია 1999“ Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის კლუბებიდან ყველაზე კარგად დაბალანსებულია, სადაც ძირითადი ბირთვი იშვიათად იცვლება. ალბათ, სწორედ ამით არის განპირობებული ის ფაქტი, რომ ამ ეტაპზე საქართველოდან მხოლოდ ის არის შემორჩენილი ევროტურნირებზე და დიდი იმედი მაქვს, რომ „იბერიელები“ შეძლებენ ჩვენთვის იმ ოცნების ასრულებას, რასაც ამდენი წელია ველოდებით.
„დინამო თბილისი“ რაც არ უნდა ცუდ მდგომარეობაში იყოს, ყოველთვის ჩემს გულშია და გამორჩეულად ვქომაგობ. „ჟალგირისთან“ განცდილი მარცხის გამო გული ძალიან დამწყდა, თუმცა წარუმატებლობის მიზეზები აქაც ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ხშირ ცვლაში უნდა ვეძებოთ, რაც იმედი მაქვს, რომ მომავალში აღარ განმეორდება.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თემურ ქეცბაიას სახით ასეთი სახელოვანი სპეციალისტი უდგას „დინამოს“ სათავეში, თუმცა მასაც სჭირდება დრო და თანამდგომა ხელმძღვანელების მხრიდან საიმისოდ, რომ განახორციელოს ტრანსფერები და შექმნას ისეთი გუნდი, როგორიც წარმოუდგენია.
რომან ფიფიაზე მოკლედ საუბარი ძალიან რთულია, რადგან უკვე წლებია ის „დინამოს“ მართავს და ნამდვილად ბევრი გააკეთა - შეიძლება ცუდიც, შეიძლება კარგიც, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ, რომ კლუბისთვის ყოველთვის კარგი უნდოდა და ენდომება.
თუ გადავხედავთ სხვა ქვეყნებს, მინიმუმ ორი კლუბი მაინც ჰყავთ სოლიდური დაფინანსებით, რის ხარჯზეც ახერხებენ ორი ისეთი ტრანსფერის განხორციელებას მაინც, რომ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის სრულიად საფუძვლიანი ამბიციები უჩნდებათ. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოშიც გვყავდეს მინიმუმ ორი გუნდი, რომელსაც სტაბილური დაფინანსება ექნება და კარგი მენეჯმენტი ეყოლება.
ცნობისათვის, მიუხედავად იმისა, რომ „დინამო თბილისი“ ევროტურნირებს სამარცხვინოდ კიდევ ერთხელ გამოეთიშა, თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ერთი უსიამოვნო ტრადიცია მაინც დაარღვია - ევროპულ საკლუბო ტურნირებზე „დინამოელებს“ საკუთარ სტადიონზე 7-წლიანი და 8-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდათ - „ჟალგირისთან“ (3:0) გამარჯვებამდე ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანის კლუბის ბოლო საშინაო ევროწარმატება 2019 წლის 1 აგვისტოთი თარიღდებოდა, როდესაც „გაბალას“ 3:0 აჯობა.