პირველი ექსელსიორში | Transfermarkt-ზე ეგოიანის საბაზრო ღირებულება გაიზარდა
ირაკლი ეგოიანი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და „ექსელსიორის“ რიგებში გამართულ შვიდ შეხვედრაში ორი გოლი და ხუთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ეგოიანის ბრწყინვალე გამოსვლამ მის საბაზრო ღირებულებაზე იქონია გავლენა და Transfermarkt-მა მისი ფასი შეცვალა.
ეგოიანის საბაზრო ღირებულება 1.8 მილიონი ევროდან 3.5 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ირაკლი „ექსელსიორის“ ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია და მისი ფასი მეორეადგილოსან აიმენ სლიტიზე 1.5 მილიონით მეტია.
რაც შეეხება საქართველოს, Transfermarkt-ზე ეგოიანზე მაღალი საბაზრო ღირებულება შვიდ ფეხბურთელს აქვს: ხვიჩა კვარაცხელია (140 მილიონი), გიორგი მიქაუტაძე (30 მილიონი), გიორგი მამარდაშვილი (28 მილიონი), ზურიკო დავითაშვილი (12 მილიონი), გიორგი კვერნაძე (8 მილიონი), ოთარ კიტეიშვილი (5.5 მილიონი) და გიორგი ქოჩორაშვილი (4 მილიონი).
ცნობისთვის, ერედივიზიეს შვიდი ტურის შემდეგ „ექსელსიორს“ 11 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეშვიდე პოზიციას იკავებს. ეგოიანი და კომპანია მომდევნო შეხვედრას 11 ოქტომბერს გამართავენ და „გრონინგენს“ დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 18:45 საათზე დაიწყება.