„ლაპარაკიც კი მიჭირს, ვერ ვხსნი რა მოხდა“ - ინტერვიუ ოთარ გაბელიასთან
ფეხბურთის ქართველ გულშემატკივართა აბსოლუტური უმრავლესობა თითქმის 100 პროცენტით იყო დარწმუნებული იმაში, რომ „იბერია 1999“-ის გარდა, ევროტურნირებზე ბრძოლას საქართველოს Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის კიდევ ერთი წარმომადგენელი თბილისის „დინამოც“ განაგრძობდა, თუმცა ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა არამხოლოდ გუნდის, არამედ მთლიანად ქართული ფეხბურთის ქომაგებს იმედები კიდევ ერთხელ გაუცრუა და „ჟალგირისთან“ თბილისში მოპოვებული 3-ბურთიანი ფორა ქარს გაატანა. რით იყო განპირობებული ლიეტუვაში განცდილი კრახი და რამდენად მძიმეა ამჟამად ქართული საკლუბო ფეხბურთის მდგომარეობა, ამის თაობაზე Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა ოთარ გაბელიამ საინტერესოდ ისაუბრა.
ოთარ გაბელია
საქართველოს საფეხბურთო კლუბები ევროტურნირებზე სუსტად გამოვიდნენ - „ტორპედოსგან“ უფრო მეტს ველოდი, ახლა დაგვრჩა „იბერია 1999“, რომელსაც მთელი გულით ვქომაგობ. უცხოელი ფეხბურთელების წინააღმდეგი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ თუ ჩამოგყავს, ქართველს ორი თავით უნდა აღემატებოდეს. კარგი იქნება მაგალითს თურქეთისგან თუ ავიღებთ, რომლებიც ამ მხრივ განვითარდნენ.
თუ თავდაპირველად თურქებიც დაბალი დონის ლეგიონერებს იმატებდნენ, მერე მიხვდნენ, რომ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ფეხბურთელების გვერდით გაიზრდებოდნენ ნიჭიერი თურქი მოთამაშეები. ჩვენ კი ამას ვერაფრით ვერ ვხვდებით. მესმის, რომ ამის გასაკეთებლად დიდი თანხებია საჭირო, მაგრამ 200-ლარიანმა უცხოელმა ფეხბურთელმა შეიძლება საქართველოს ჩემპიონატი მოგაგებინოს, მაგრამ ევროტურნირის ჯგუფში ვერ შეგიყვანს.
არ ვიცი რაზე არიან დირკ შუსტერი და „ტორპედოს“ ხელმძღვანელები შეთანხმებულები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში გერმანელი სპეციალისტის წასვლა-დარჩენის საკითხი ქუთაისელთა პრეზიდენტის გადასაწყვეტია. მესმის გულშემატკივრების პოზიციაც, რომლებიც ამდენი წარუმატებლობით იმედგაცრუებულები არიან, თუმცა უცხოელები არიან, კონტრაქტის მიხედვით ხელმძღვანელობენ და რთული იქნება ამ საკითხის გადაჭრა.
თბილისის „დინამოზე“ ვერაფერს ვიტყვი, ლაპარაკი მიჭირს, გაოგნებული ვარ და არ ვიცი რა მოხდა. რთულ თამაშს ველოდი, მაგრამ გავარდნას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. მე რასაც ვუყურე, გუნდის უკანა ხაზი იყო ნული, სადაც ოთხიდან თუ არ ვცდები სამი უცხოელი ფეხბურთელი თამაშობდა.
დარწმუნებული ვარ თემურ ქეცბაია თვითონაც ახლა გაგიჟებული იქნება, წარმოიდგინეთ 3:0 ჰქონდა მოგებული. ძლივს, თითქოს რაღაცას დაამსგავსა გუნდი და იქ რა მოხდა, წარმოდგენა არ მაქვს. გულწრფელად მეცოდება თემური ახლა ისეთ დღეში იქნება, ემოციური კაცია. უნდა წავიდეს თუ არა რომან ფიფია? კი არ ვამართლებ, მაგრამ რა ვიცი ამხელა აკადემია ააშენა, ბევრი სასიკეთოც გააკეთა, მაგრამ ძლიერი კლუბის შექმნას ალბათ კიდევ უფრო მეტი ფინანსები სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ ოთარ გაბელიას კარიერის განმავლობაში თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში თითოჯერ უეფას თასების მფლობელთა თასი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი და საბჭოთა კავშირის თასი აქვს მოგებული, ხოლო ერთხელ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ აღიარეს.