„გეგმა სწორი იყო, წაგება სამართლიანი შედეგი არაა“ | ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გამართა. „ჯვაროსნებმა“ ერთა ლიგის B დივიზიონი ჩრდილოეთ ირლანდიასთან მარცხით დაიწყეს და სანიოლმა საკუთარი გუნდის გამოსვლა შეაფასა.
რა თქვა ვილი სანიოლმა
„ვფიქრობ, ჩვენი გეგმა სწორი იყო. პირველ ტაიმში საკმარისი ინტენსივობა არ გვქონია, რათა გეგმას ემუშავა. გასულ კვირას, თქვენთან საუბრისას გულახდილი ვიყავი, როდესაც ვთქვი, რომ გვყავს ბევრი ფეხბურთელი, რომლებიც ფორმაში არ იმყოფებიან და 30, 35 ან 40 წუთზე მეტის თამაში არ შეუძლიათ.
პრობლემა ისაა, რომ ეს ფეხბურთელები გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან. როდესაც კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე ფორმაში არიან, ყოველთვის თამაშობენ, რადგან საკვანძო ფეხბურთელებს წარმოადგენენ. ამ მომენტისთვის, მათ მოედანზე იმდენი დროის გატარება შეუძლიათ, რამდენიც გაატარეს და ეს პრობლემაა. როდესაც ჩაკვეტაძე ვერ თამაშობს, მისი მსგავსი პროფილის მქონე სხვა ფეხბურთელი არ გყავს და ადაპტაცია გიწევს. ადაპტაცია კი ყოველთვის მარტივი არ არის.
დღევანდელ შეხვედრაზე რომ ვისაუბროთ, თუ პირველი ტაიმი საშუალო დონის იყო, მეორე ნახევარი კარგად ჩავატარეთ. მიქაუტაძეს 2-3 კარგი მომენტი ჰქონდა. ხვიჩამ პენალტი ვერ გამოიყენა. 4-5 ხელსაყრელი ეპიზოდი გვქონდა. არ ვამბობ, რომ ჩრდილოეთ ირლანდიას გამარჯვება არ დაუმსახურებია, უბრალოდ ვფიქრობ, უკეთეს შედეგს ვიმსახურებდით და მივიღებდით კიდეც, ეს წყეული ბურთი კარის ბადეში რომ გახვეულიყო.
ჩვენი ფეხბურთელების მდგომარეობიდან გამომდინარე, მიწევს მივიღო გადაწყვეტილებები, რომლებსაც ნორმალურ ვითარებაში არ მივიღებდი. ამ მომენტისთვის ბევრი ვარიანტი არ გვაქვს. პირველი ტაიმი ძალიან საშუალო დონის იყო, რადგან ინტენსივობა არ გამოგვივლენია. შეტევებს ძალიან ნელა ვიწყებდით, ზოგჯერ ხვიჩა ძალიან უკან იხევდა და მიქაუტაძე და კვერნაძე ვერტიკალური შერბენებით სიღრმეში ვერ შედიოდნენ. ბევრი რამ იყო, რასთან დაკავშირებითაც შესვენებაზე გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. ვფიქრობ, ამან იმუშავა, რადგან მეორე ტაიმი უკეთ ჩავატარეთ.
როდესაც გოლის გატანის შანსი გაქვს და მიზანს ვერ აღწევ, შეიძლება მსგავსი რაღაცები მოხდეს. ხვიჩას ან მიქაუტას რომ გაეტანათ, ეს დიალოგი არ გვექნებოდა და ვიტყოდით, რომ კარგი დღე იყო. როდესაც მარცხდები, ყველაფერს შედარებით შავ ფერებში ხედავ, რადგან წაგება არავის უყვარს, თუმცა ზოგჯერ ეს უნდა მიიღო. უნდა მიიღო ის, რომ დღეს უკეთესად თამაში რთული იყო. კიტეიშვილის 20 წუთი და ჩაკვეტაძის 45 წუთი მათ დაეხმარებათ და ორშაბათს სხვა ორგანიზება და ინტენსივობა გვექნება.
პენალტის შემსრულებელს რაც შეეხება — კვარაცხელიასა და მიქაუტაძეს, ბოლო ოთხი წელია ასე ვმუშაობთ და ან ერთი ურტყამს, ან მეორე. თერთმეტმეტრიანს ის ასრულებს, რომელიც მომენტს უკეთესად გრძნობს. იყო მომენტები, როდესაც ხვიჩამ მიქაუტაძეს დაუთმო, რადგან მომენტს კარგად ვერ გრძნობდა, ახლა პირიქით იყო და ეს ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. წარსულში მიქაუტაძესაც გაუფუჭებია პენალტები და თერთმეტმეტრიანს ვერასდროს გააფუჭებ, თუ არ დაარტყამ. ასე რომ, ხვიჩაზე სათქმელი არაფერი მაქვს, ხდება ხოლმე.
ყოველთვის შეიძლება უკეთესზე იფიქრო, მაგრამ მთავარი მოედანზე შექმნილი რეალობაა. მომენტები გვქონდა და რომ გაგვეტანა, ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. მესმის, რომ წაგების დროს ნორმალურია ფიქრი, რომ რაღაცების უკეთ გაკეთება შეიძლებოდა. თუმცა, როდესაც შენს სამ ცენტრალურ მცველს კუნთის კრუნჩხვების გამო მოედნის დატოვება უწევს, ვერაფერს შეცვლი.
ნაკრებში ჩამოსვლამდე ფეხბურთელები გუნდებში 2-3 თვე ვარჯიშობენ და მათ ფიზმომზადებას ვერ შევცვლით. შეგვიძლია ცოტა დავეხმაროთ, მაგრამ ეს მხოლოდ მცირე პროცენტია. მგონი, პირველად ვნახე, სამი ცენტრალური მცველი კუნთის კრუნჩხვების გამო გასულიყო. შეიძლება ეს თავდამსხმელებს დაემართოთ, რომლებიც ბევრს მუშაობენ და დარბიან. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ნახევარმცველებზე, რომლებიც დიდ მანძილს ფარავენ. მწვრთნელი მაქსიმუმს აკეთებს და შედეგებზეა დამოკიდებული. ზოგჯერ ეს ამართლებს, ზოგჯერ — არა. ზოგჯერ შეცდომას მე ვუშვებ, ზოგჯერ ფეხბურთელების ფიზიკურ კონდიციებზე ვარ დამოკიდებული. გეთანხმებით! ბედნიერი არც მე ვარ. დამწუხრებული ვარ, რადგან ვფიქრობ, სამართლიანი არ არის, დღეს რომ წავაგეთ“.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 28 სექტემბერს, უკრაინასთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება.