პირველად 47 წლის შემდეგ | ირაკლი ეგოიანის ექსელსიორის ისტორიული შედეგი
ირაკლი ეგოიანის „ექსელსიორმა“ ნიდერლანდების ჩემპიონატის, ერედივიზიეს 2026/27 წლების სეზონი შესანიშნავად დაიწყო. ქართველი ფეხბურთელის გუნდი პირველ ტურში „კამბურს“ დაუპირისპირდა და მეტოქე სტუმრად 4:0 დაამარცხა.
ეგოიანმა „ექსელსიორის“ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. ირაკლიმ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. „კამბურთან“ მატჩს „ექსელსიორის“ გულშემატკივართა ასოციაციის, Svproexcelsior-ის ვებგვერდი გამოეხმაურა და საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც გუნდის მიერ დაფიქსირებულ ისტორიულ შედეგზე ისაუბრა.
ერედივიზიეს პირველი ტურის დასრულების შემდეგ ეგოიანის გუნდს ვერავინ გადაასწრო. „ექსელსიორი“ ბურთების უკეთესი შეფარდების ხარჯზე უმაღლესი დივიზიონის სატურნირო ცხრილის ლიდერია და ეს საკუთარ ისტორიაში მეორედ გააკეთა.
Svproexcelsior-ის მიხედვით, ბოლოს „ექსელსიორი“ ერედივიზიეს პირველ ადგილს 47 წლის წინ, 1979 წლის 29 აგვისტოს იკავებდა და ეს მეოთხე ტურის შემდეგ მოხდა. იმ სეზონის სტარტზე „ექსელსიორმა“ „იგლზი“, „ვიტესი“ და „ჰაარლემი“ დაამარცხა, „ნაიმეგენთან“ კი ფრეს დასჯერდა და სატურნირო ცხრილის ლიდერი 11 დღის განმავლობაში იყო.
„ექსელსიორს“ საკუთარი რეკორდის გაუმჯობესება გაუჭირდება, რადგან ეგოიანის გუნდი მომდევნო ტურში ჩემპიონატის მთავარ ფავორიტს, პსვ-ს ხვდება. მატჩი 15 აგვისტოს გაიმართება და ირაკლის გუნდი მასპინძლის რანგში იქნება.