„ამ თამაშის მოგება ჰაერივით გვჭირდებოდა“ - ქეცბაია სპაერთან გამარჯვებაზე
Crystalbet ეროვნული ლიგის მე-20 ტურში, „დინამო თბილისი“ სტუმრად „სპაერს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 გაიმარჯვა. თემურ ქეცბაიას გუნდი პირველ ტაიმში 1:0 დამარცხდა, თუმცა მეორე ნახევარში ორი გოლის გატანა შეძლო და საბოლოოდ, მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ განვლილი მატჩი შეაფასა.
რა თქვა ქეცბაიამ:
„ეს ისეთი თამაში იყო, რომლის მოგებაც ჰაერივით გვჭირდებოდა. არა მხოლოდ სატურნირო მდგომარეობის გასამყარებლად, არამედ იმისათვისაც, რომ ვილნიუსში მომხდარი ფაქტი ფსიქოლოგიურად გადაგველახა.
სამწუხაროდ, პირველ ტაიმში სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ, თუმცა მეორე ნახევარში ტაქტიკა შევცვალეთ: სამ მცველზე გადავედით და აქცენტი შეტევაზე გავაკეთეთ. მეორე ტაიმში გამარჯვება ნამდვილად დავიმსახურეთ — ორი გოლი გავიტანეთ და კიდევ არაერთი მომენტი შევქმენით.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „სპაერი“ ძალიან კარგი გუნდია. ეტყობა, რომ კარგად მუშაობენ, რის გამოც მარტივი მატჩი ნამდვილად არ გვქონია. ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ ჩვენთვის მთავარი ისაა, რომ 3 ქულა მოვიპოვეთ.
ახლა ჩემპიონატის ლიდერთან, „რუსთავთან“ მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ. ვიტყოდი, რომ ეს სამაგალითო გუნდია, სადაც ძალიან ნაყოფიერი სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. გუნდი, რომელიც მეორე ლიგიდან აღზევდა, დღეს ჩემპიონატის ლიდერია. ბუნებრივია, რთული შეხვედრა გველის, მაგრამ მის მოსაგებად მაქსიმუმს გავაკეთებთ.
დასასრულს, კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბიჭებს თავდადებისთვის, მონდომებისა და კარგი თამაშისთვის, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. თუ იმას გავითვალისწინებთ, თუ როგორ გამოვიდა გუნდი მოედანზე შესვენების შემდეგ, ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ.“
20 ტურის შემდეგ „დინამო თბილისმა“ 34 ქულა დააგროვა და მე-2 პოზიციაზე გადაინაცვლა, პირველადგილოსან „რუსთავს“ კი 35 ქულა აქვს. ასევე, 34 ქულა აქვს „იბერია 1999“-ს, რომელსაც კონკურენტებთან შედარებით ერთით ნაკლები მატჩი აქვს გამართული. „დინამო“ მომდევნო შეხვედრას 15 აგვისტოს, „რუსთავის“ წინააღმდეგ გამართავს.