კაკაშვილის სადებიუტო და ვაწაძის გამარჯვების გოლი - დინამოს ქამბექი სპაერთან
დღეს, Crystalbet ეროვნულ ლიგაში მე-20 ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. დღის პირველ მატჩში ტყიბულის „მეშახტე“ წყალტუბოს „სამგურალს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 1:2 დამარცხდა.
ანგარიში მე-6 წუთზე „მეშახტემ“ გიორგი ქანთარიას გოლით გახსნა, თუმცა დარჩენილ დროში „სამგურალმა“ თამაშის შემოტრიალება შეძლო. წონასწორობა 23-ე წუთზე ლაშა შერგელაშვილმა აღადგინა, გამარჯვების გოლი კი 88-ე წუთზე ირაკლი სირაძემ გაიტანა.
მეორე მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე ჩატარდა, რომელშიც „სპაერი“ თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდა და იდენტური სხვაობით, 1:2 დამარცხდა.
ამ შემთხვევაშიც, თავდაპირველად, „სპაერი“ 31-ე წუთზე ლაშა კოხრეიძის გოლით დაწინაურდა, თუმცა თემურ ქეცბაიას გუნდმა მეორე ტაიმში გამარჯვების მოპოვება შეძლო. „დინამომ“ ორი გოლი 3-წუთიან მონაკვეთში გაიტანა. ანგარიში 73-ე წუთზე კობა კაკაშვილმა გაათანაბრა, რომელმაც „დინამოს“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა, გამარჯვების გოლის ავტორი კი 75-ე წუთზე მათე ვაწაძე გახდა.
20 ტურის შემდეგ „დინამო თბილისმა“ 34 ქულა დააგროვა და მე-2 პოზიციაზე გადაინაცვლა, პირველადგილოსან „რუსთავს“ კი 35 ქულა აქვს. ასევე, 34 ქულა აქვს „იბერია 1999“-ს, რომელსაც კონკურენტებთან შედარებით ერთით ნაკლები მატჩი აქვს გამართული. თბილისურ კლუბს ევროტურნირების გამო ამ ტურში გორის „დილასთან“ მატჩი აქვს გადადებული.
Crystalbet ეროვნულ ლიგაში 21-ე ტური 15-17 აგვისტოს გაიმართება.