VAR-ი უნდა შეიზღუდოს - UEFA-მ Clear Line პლატფორმა წარმოადგინა
უეფამ ევროპულ ტურნირებში მსაჯობის დონის ასამაღლებლად პლატფორმა Clear Line პლატფორმა წარმოადგინა.
პლატფორმაზე წარმოდგენილია 150-ზე მეტი სადავო ეპიზოდი, ასევე წესების ინტერპრეტაციისა და VAR-ის გამოყენების დეტალური რეკომენდაციები ვიდეორგოლებითა და თვალსაჩინო ახსნა-განმარტებებით. რეკომენდაციები ვრცელდება როგორც ევროთასებზე, ისე ევროპის შიდა ჩემპიონატებზე. იგეგმება, რომ ეტაპობრივად, დამატებითი განმარტებების საჭიროების მიხედვით, Clear Line განვითარდება და განახლდება.
როგორც L’Equipe აღნიშნავს, VAR-ის გამოყენებასთან დაკავშირებით უეფას ახალი მიდგომა კარდინალურად განსხვავდება ფიფას ნორმებისგან. Clear Line-ის ამოქმედების მიზანია, VAR დაუბრუნდეს თავის თავდაპირველ ფუნქციას, როგორც აშკარა სამსაჯო შეცდომების გამოსწორების ინსტრუმენტი.
„პლატფორმა ადასტურებს VAR-ის პროტოკოლის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს - ვიდეოასისტენტის დახმარებას მხოლოდ აშკარა და ცხადი შეცდომების დროს უნდა მივმართოთ. VAR მატჩს არ განსჯის - ის მხოლოდ კონკრეტული სიტუაციებისთვისაა განკუთვნილი. ჩვენ გვჭირდება ხასიათის მქონე მსაჯები, VAR კი მხოლოდ დამხმარე საშუალებაა. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ფეხბურთი, რომელიც გვიყვარს და რომელიც ჩვენს მშობლებს უყვარდათ.
ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ VAR-ის საწყისებს. ის ადრე რომ ყოფილიყო, შეძლებდა მარადონას ან ტიერი ანრის ქმედებების გამოსწორებას. ჩვენ არ ვართ ბოლომდე კმაყოფილი იმით, თუ როგორ გამოიყენება ხანდახან VAR ახლა, როცა ყურადღება მიკროსკოპულ დეტალებზე მახვილდება“,
- განაცხადა უეფას სამსაჯო კორპუსის ხელმძღვანელმა რობერტო როზეტიმ.