ქართველი ფეხბურთელების გუნდების შანსები | Opta-ს სუპერკომპიუტერის ვარაუდი ლა ლიგაზე
ესპანეთის ლა ლიგის ახალი სეზონი 15 აგვისტოს, „ალავესისა“ და „ხეტაფეს“ დაპირისპირებით გაიხსნება. ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, Opta-მ საკუთარი სუპერკომპიუტერის პროგნოზები გამოაქვეყნა და ჩემპიონობისა და გავარდნის კანდიდატები დაასახელა.
Opta-ს მიხედვით, „ბარსელონას“ ტიტულის დასაკუთრების 45.6-პროცენტიანი შანსი აქვს. მეორე ადგილზე „რეალი“ იმყოფება — 31%, ხოლო „ატლეტიკო“ მესამეზეა — 8.6%. ლა ლიგის ფავორიტთა საუკეთესო ოთხეულში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალიცაა“, რომლის ტრიუმფის ალბათობაც 3.3 პროცენტად ფასდება.
Opta-ს ვარაუდით, შანსი იმისა, რომ მიქაუტაძის გუნდი ტოპ-4-ში მოხვდება და ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს, 29.5 პროცენტია. ავტორიტეტული სტატისტიკური სააგენტოს მიხედვით, დაქვეითების მთავარი კანდიდატები „დეპორტივო“ (29.2%), „ელჩე“ (28.4%) და გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერით დაინტერესებული „სევილია“ (27.7%) არიან.
ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა მოუწევს გიორგი გულიაშვილის „რასინგსაც“. Opta-ს მიხედვით, მისი გავარდნის ალბათობა „სევილიაზე“ 0.8%-ით ნაკლებია — 26.9 პროცენტი. რაც შეეხება საბა საზონოვის „ხეტაფეს“, სტატისტიკური სააგენტო არ გამორიცხავს, რომ ხოსე ბორდალასის გუნდიც დაქვეითდეს — 18.5%.