გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„მეკარეების კოშმარი“ | Givemesport-მა მიქაუტაძეს სტატია მიუძღვნა

ბრიტანულმა გამოცემამ, Givemesport-მა გიორგი მიქაუტაძეს საინტერესო სტატია მიუძღვნა. ქართველი თავდამსხმელით „ტოტენჰემია“ დაინტერესებული და Givemesport-ის ჟურნალისტმა, ჯეიმი კემბლმა გადაწყვიტა, მიქაუტაძის საფეხბურთო პროფილი საკუთარი მკითხველისთვის გაეცნო.

„გიორგი მიქაუტაძე ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც გარღვევა „მეცში“ მოახდინა. ფრანგული კლუბიდან მან „აიაქსს“ მიაშურა, სადაც წარუმატებელი პერიოდი ჰქონდა და ისევ „მეცში“ დაბრუნდა. გიორგიმ 20 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და „ლიონმა“ 23 მილიონ ევროდ შეიძინა.

ევრო 2024-ზე მას გამორჩეული ტურნირი ჰქონდა, საუკეთესო ბომბარდირებს შორის მოხვდა და, ფინანსური პრობლემების გამო, „ლიონს“ მისი გაყიდვა მოუწია. ქართველი ფეხბურთელი „ვილიარეალში“ აღმოჩნდა და გასულ სეზონში 13 გოლი გაიტანა.

კონტექსტისთვის: „ვილიარეალის“ გულშემატკივარი ვარ, ვალენსიასთან ახლოს ვცხოვრობ და კლუბს 15 წელზე მეტია თვალს ვადევნებ. ბედნიერება მქონდა, მიქაუტაძის თამაში ბევრჯერ მენახა. ქართველი თავდამსხმელი წარმოუდგენელი ტექნიკური ნიჭით არის დაჯილდოებული და შეუძლია, შეტევები ისე დააგვირგვინოს, მაყურებელს სიამოვნება მიანიჭოს. თანაც ორივე ფეხით.

მიქაუტაძეს მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდება უყვარს, როცა ამის შანსი ეძლევა, და საჯარიმოს შიგნიდან ან გარედან უმაღლესი სიზუსტის, იდეალურ დარტყმებს ასრულებს. გიორგი იმ ფეხბურთელთა შორისაა, რომლებსაც ბურთის კონტროლისა და ფეხბურთის თამაშის მხრივ რაღაც განსაკუთრებული, რაღაც უნიკალური აქვთ. ეს მას მცველებისთვის უხერხულ მეტოქედ, ხოლო მეკარეებისთვის ნამდვილ კოშმარად აქცევს. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს სისწრაფე არ აკლია და მცველების ზურგს უკან თითქმის რბოლას იგებს. ამასთან, ბურთით ყოფნისას, მეტოქის მოსატყუებლად საკმარისი ოსტატობითაც გამოირჩევა.

რაც შეეხება მის სუსტ მხარეებს, როგორც ტანდაბალი თავდამსხმელი, ყოფილა მატჩები, რომლებშიც შედარებით არ ჩანდა — განსაკუთრებით ისეთ შეხვედრებში, რომლებშიც გუნდები აქცენტს პირდაპირ და გრძელ პასებზე აკეთებდნენ. „ვილიარეალის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი მარსელინო გასულ სეზონში მასთან ბევრს მუშაობდა, რათა თამაშში ჩართვის სხვადასხვა გზა ეპოვათ. ამ მხრივ პროგრესი ნამდვილად იყო, რაზეც მარსელინომ თებერვალშიც ისაუბრა: „ის ბევრად უფრო ჩართულია. თანაგუნდელებთან უკეთესი კოორდინაცია აქვს და ახლა მისი თამაში ლაღია, სწრაფად აზროვნებს და ბედნიერია“.

მიქაუტაძისგან კიდევ უფრო მეტს უნდა ველოდოთ, რადგან ის ჯერ მხოლოდ 25 წლისაა და ლა ლიგასთან ადაპტაციის პროცესშია. თუ ის გუნდში დარჩება, საინტერესო იქნება, ახალ მწვრთნელს, ინიგო პერესს, რომელსაც მარსელინოსგან სრულიად განსხვავებული სტილი აქვს, როგორ მოერგება. ასევე, თუ „ტოტენჰემი“ მას გაიფორმებს, საინტერესო იქნება, შეძლებს თუ არა მიქაუტაძე ბომბარდირის რეპუტაცია პრემიერ ლიგაშიც შეინარჩუნოს.

ამ ეტაპზე გაურკვეველია, მიქაუტაძის გამოსასყიდი თანხა რამდენია, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ 50 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტს მოითხოვს. „ვილიარეალში“ განაცხადეს, რომ ამ ზაფხულს ფეხბურთელს არ გაყიდიან, თუმცა თავიანთი ვარსკვლავი თავდამსხმელის გაშვება ნამდვილად არ სურთ. მით უმეტეს, რომ აიოზე პერესი და ხერარდ მორენო ახალგაზრდები არ არიან“, — წერს Givemesport-ი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში მიქაუტაძე „ბარსელონასაც“ დაუკავშირეს, თუმცა კონკრეტული შეთავაზება „ვილიარეალისთვის“ არავის გაუკეთებია. ლა ლიგის სეზონი რამდენიმე დღეში დაიწყება და „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ პირველ შეხვედრას 16 აგვისტოს, „რასინგთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სიომინმა მასში დიდი ტალანტი დაინახა, მაგრამ...“ - ხვიჩაზე ყოფილმა გუნდელმა ისაუბრა
„სიომინმა მასში დიდი ტალანტი დაინახა, მაგრამ...“ - ხვიჩაზე ყოფილმა გუნდელმა ისაუბრა