„ლიგა 1-ის დონის ფეხბურთელია“ | საფრანგეთში ზურიკოს შესაძლო წასვლაზე ისაუბრეს
საფრანგეთის ლიგა 2-ის პირველ ტურში ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ სტუმრად „სოშოს“ დაუპირისპირდა. „მწვანეებმა“ სეზონი ბრწყინვალედ დაიწყეს და 3:0 გაიმარჯვეს. ქართველი ფეხბურთელი ცვლილებაზე შევიდა და მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 3:0 გახლდათ.
„სენტ-ეტიენის“ გამარჯვების შემდეგ RMC Sport-ის ჟურნალისტმა, დავიდ გლუზმანმა გუნდში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. გლუზმანმა ქართველ ფეხბურთელზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის ლიგა 1-ის დონის მოთამაშეა.
„ლუკა სტასენთან მიმართებით „სენტ-ეტიენს“ სატრანსფერო ბაზარზე მესიჯის გაგზავნა სჭირდებოდა, რომლითაც იტყოდა: „ფეხბურთელი ჩვენს ფასად გაიყიდება ან საერთოდ არ გაიყიდება“. მართალია, აღნიშნულმა პოლიტიკამ სტასენის მოტივაციაზე გავლენა მოახდინა, თუმცა, ჩემი აზრით, მან ნამდვილად გაამართლა.
იგივე ეხება ზურიკო დავითაშვილსაც. „ბორდოში“ ყოფნისას სტაბილურად ვხედავდით, რომ ის ლიგა 1-ის დონის ფეხბურთელია. ევროპის ლიგის დონის მოთამაშეც კი არის, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ „სენტ-ეტიენის“ მოთხოვნები დაკმაყოფილდება. აი, სწორედ ეს არის უპირატესობა, როცა ფული გაქვს — თანაც ძალიან, ძალიან ბევრი ფული“.
ცნობისთვის, დავითაშვილს რამდენიმე მსურველი ჰყავდა, რომლებიც 10-12 მილიონ ევროს იხდიდნენ, თუმცა „სენტ-ეტიენისგან“ უარი მიიღეს. „მწვანეებს“ ზურიკოს სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს მიღება სურთ.