„მთავარია, რომ გუნდს მოგებაში დავეხმარე“ - ნონიკაშვილის სადებიუტო გოლი სკალიცაში
31 წლის ქართველმა ნახევარმცველმა, ლევან ნონიკაშვილმა სლოვაკურ „სკალიცაში“ სადებიუტო გოლი გაიტანა.
სლოვაკეთის ჩემპიონატის მესამე ტურში ქართველი ფეხბურთელის გუნდი სტუმრად „ჟილინას“ დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.
ლევან ნონიკაშვილმა შეხვედრის დებიუტში, მე-3 წუთზე თავისი გუნდი დააწინაურა.
თამაშის დასრულების შემდეგ 31 წლის ნახევარმცველი სლოვაკურ მედიას გაესაუბრა და გოლისგან გამოწვეული ემოციები გაუზიარა.
ლევან ნონიკაშვილი:
„უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, რომ ამ მატჩში გოლის გატანა მოვახერხე. ეს იმითაც არის შესანიშნავი, რომ გამარჯვება მოვიპოვეთ. ყველაზე მეტად სწორედ ის მახარებს, როცა გუნდს მოგებაში ვეხმარები“.
„გარკვეული შეცდომებიც დავუშვი, რასაც ვაცნობიერებ. ამ კუთხით, თამაში უნდა გამოვასწორო, რათა მომდევნო მატჩში კიდევ უფრო უკეთესი ვიყო. რა თქმა უნდა, ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, მთავარი ისაა, რომ ამით გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარე“.
როგორ აფასებთ იმ ფაქტს, რომ „სკალიცამ“ იმ გუნდის მოედანზე გაიმარჯვა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ სლოვაკეთს ევროთასებზე წარმოადგენდა?
„ჩვენ სიურპრიზი შემოგთავაზეთ. თუმცა, ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ რთული მატჩების თამაში გვსურს და ეს შეხვედრაც ნამდვილად ასეთი გამოდგა. ჩვენ მკაფიო გეგმა გვქონდა, რომელიც ძალიან კარგად განვახორციელეთ. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს გამარჯვება დავიმსახურეთ“.
ლევან ნონიკაშვილმა „სკალიცას“ მაისურით 3 მატჩი ჩაატარა და როგორც გითხარით, ეს მისი პირველი გოლი იყო. ქათველი ფეხბურთელის გუნდი სამი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 7 ქულით მე-2 პოზიციაზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას 15 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე „კოსიცეს“ წინააღმდეგ გამართავს.