„ზედმეტი ტვირთია და უნდა გაიყიდოს“ - ლივერპულის ფანები მამარდაშვილს აკრიტიკებენ
„ლივერპულმა“ ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში მორიგი შეხვედრა „ენფილდზე“ „მონაკოსთან“ გამართა და 2:3 დამარცხდა.
მერსისაიდელები 29-ე წუთისთვის 2:0 დაწინაურდნენ, თუმცა დარჩენილ დროში მეტოქისგან სამი გოლი გაუშვეს. რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, ქართველი მეკარე მოედანზე მეორე ტაიმის დაწყებისთანავე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 2:1 იყო. მამარდას სამი მოგერიება ჰქონდა, მაგრამ ორი გოლი მაინც გაუშვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ლივერპულის“ გულშემატკივრებმა საყვარელი გუნდის თამაშისგან უკმაყოფილება ვერ დამალეს და გუნდის მთავარი მწვრთნელი, ანდონი ირაოლა და ასევე ქართველი მეკარე კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს.
რას წერენ „ლივერპულის“ ფანები:
„მამარდაშვილი ამ კლუბისთვის ტვირთია, ის უნდა გაიყიდოს.“

„მამარდაშვილი მესამე მეკარედაც კი ვერ ივარგებს, ის უბრალოდ კატასტროფაა. სასწაული იქნება, თუ ის კარს მშრალად შეინახავს.“

„„ლივერპულის“ სათადარიგო მოთამაშეები სათადარიგოებადაც კი არ ვარგან. გულწრფელად რომ ვთქვა, მასშტაბური წმენდა გვჭირდება. ენდო, მამარდაშვილი, კიეზა და სხვები არ არიან იმ დონისა, რომ ჩვენთან ითამაშონ.“

„ჩვენ მასში თითქმის 40 მილიონი ევრო გადავიხადეთ, რაც მეკარისთვის დიდი ფულია. გასაოცარია, როცა კელეჰერი და ალისონი გყავს და ამის მერე ფიქრობ, რომ მამარდაშვილი ჩვენ შეგვეფერება.“

„არ ვიცი, რა უნდა ანდონი ირაოლას და რაში იყენებს მამარდაშვილს. ყოველ ჯერზე, როცა ითამაშა, იმედი გაგვიცრუა. ის უკვე დადასტურებულად ჩავარდნილი ტრანსფერია ჩვენთვის, „ლივერპულში“ თავს ვერ დაიმკვიდრებს. ჰარვი დევისიც კი უფრო დამაჯერებლად ითამაშებდა ჩვენთვის, ვიდრე ის.“

„მამარდაშვილი ჩვენს კარში არასდროს არ უნდა იდგეს. ვხედავ, რომ მის გამო სათასო ტურნირებიდან გამოვვარდებით.“

„ალისონსა და მამარდაშვილს შორის შორის სხვაობა თვალშისაცემია. როდესაც საქმე ეხება როგორც დარტყმების მოგერიებას, ისე ბურთის განაწილებას, შემაშფოთებელია.“

„ლივერპული“ პრესეზონზე კიდევ ორ შეხვედრას გამართავს და ორივეს 16 აგვისტოს „კომოს“ წინააღმდეგ - საქართველოს დროით ჯერ 15:00 საათზე, შემდეგ კი 21:00 საათზე. პრემიერ ლიგის ახალ სეზონს კი 23 აგვისტოს, „ნიუკასლთან“ გასვლითი მატჩით დაიწყებს.