ლუის ენრიკე
Aa
Aa

„ორი წლის წინ ფავორიტებს შორის არ ვიყავით“ | ლუის ენრიკეს ინტერვიუ უეფას ვებგვერდთან

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ უეფას ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა. ესპანელმა სპეციალისტმა პსჟ-ის მიზნებსა და სუპერთასის მოახლოებულ შეხვედრაზე ილაპარაკა.

„გენიოსი არ ვარ და არც მინდა, ვიყო. კონკურენციისთვის დავიბადე და სწორედ ასეთ გარემოში ვგრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად: იქნება ეს პარჩისი (ესპანური სამაგიდო თამაში), ჩოგბურთი, პადელი, ფეხბურთი თუ ვარჯიში.

გარდა ამისა, მაქვს მუდმივი აკვიატება — მსურს, გავაუმჯობესო თამაშის ხარისხი, ჩემი ურთიერთობა ფეხბურთელებთან, ჩემი ურთიერთობა გუნდთან, ჩემდამი წაყენებული მოთხოვნები და მაქსიმუმი მივიღო მოთამაშეებისგან. თუმცა, ამის გაკეთება მათი დარწმუნებით მომწონს და არა უბრალოდ იმის გამო, რომ მწვრთნელი ვარ და რაღაცას ვუბრძანებ. ხალხი მეუბნება, რომ ბევრი ტიტული მოვიგე, თუმცა ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ეს წარსულია, ანტიკური ისტორიაა.

კონცენტრირებული ვარ, რომ გამარჯვების სურვილი ხელახლა გავაღვიძო. მოგებების სერიის შენარჩუნება რთულია. ახლა ჩვენ წინაშე უნიკალური გამოწვევაა, რომელიც ევროპულ ფეხბურთში პრაქტიკულად უპრეცედენტოა. თუ ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ მესამედ მოვიგებთ, შეგვეძლება, „რეალს“ გავუტოლდეთ. ვაუ! ეს საერთოდ სხვა დონეა! ზედიზედ სამჯერ ლიგა „რეალის“ გარდა არავის მოუგია და ჩვენ ამ მიღწევის გამეორება შეგვიძლია. არ მგონია, ევროპაში არსებობდეს თუნდაც ერთი გუნდი, რომელიც ჩვენზე მეტად იქნება მოტივირებული.

„პარი სენ-ჟერმენის“ წარმატება გამორიცხული აღარავისთვისაა. ორი წლის წინ ფავორიტებს შორის ჩვენი მიჩნევა შეუძლებელი იყო. დღეს ვერავინ გაბედავს თქვას, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ფავორიტი არაა. ეს არის ის, რაც დავიმსახურეთ, თუმცა თუ გვინდა, ეს სტატუსი შევინარჩუნოთ, უფრო თავდაუზოგავად უნდა ვიმუშაოთ. ორი აზრი არ არის, რომ სუპერთასი ძალიან მნიშვნელოვანია და „ასტონ ვილა“ ძლიერი მეტოქეა.

არასდროს დამავიწყდება ის დღე, როდესაც კლუბის სპორტული მრჩეველი ლუიშ კამპუში ჩემს სახლში მოვიდა. სულ თხუთმეტი წუთი დაგვჭირდა იმის გაცნობიერებას, რომ ერთ ტალღაზე ვიყავით. ეჭვგარეშეა, რომ ეს არის პროექტი, რომელშიც, როგორც მწვრთნელმა, ყველაზე მეტი ინვესტიცია და ენერგია ჩავდე. იმედი მაქვს, აქ კიდევ დიდხანს, მრავალი წელი დავრჩები. ფანტასტიკურია ყოველი სეზონის დაწყება კლუბის, გულშემატკივრებისა და ხელმძღვანელობის მხარდაჭერით. განზრახული მაქვს, ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო. მოგებების სერიის შენარჩუნება ძალიან რთული იქნება, თუმცა შემთხვევითობას არაფერს მივანდობთ“.

შეგახსენებთ, რომ სუპერთასის შეხვედრა „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ასტონ ვილას“ მონაწილეობით 12 აგვისტოს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ცუდ ბიჭს თამაშობს, სინამდვილეში კი მოკრძალებულია“ - მახაჩევმა გარი დაახასიათა
„ცუდ ბიჭს თამაშობს, სინამდვილეში კი მოკრძალებულია“ - მახაჩევმა გარი დაახასიათა