გიორგი ჯინჯოლავა
Aa
Aa

ჩასაფრებულებს კლავიატურა გაუფუჭდათ | ჯინჯოლავა ისტორიული გამარჯვების შემდეგ

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „იბერიამ“ ჩრდილოეთ ირლანდიის ჩემპიონი „ლარნი“ „მიხეილ მესხზე“ მიიღო. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, დამატებით დროში კი ნიკოლოზ სიხარულაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა. ამ გადამწყვეტი გოლით გუნდი ევროპა ლიგის ფლეი-ოფში გავიდა და კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში გაინაღდა. 22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული კლუბი ევროპული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

მატჩის შემდეგ „იბერიას“ მთავარ მწვრთნელ ანდრეი დემჩენკოსთან ერთად პრესკონფერენციას გუნდის კაპიტანი გიორგი ჯინჯოლავა ესწრებოდა.

გიორგი ჯინჯოლავა: „როგორც მატჩის წინ ვთქვი, სავსე ტრიბუნების წინაშე თამაშის გამოცდილება არ გვქონდა, თუმცა დღეს ერთად ყველაფერი შევძელით. მადლობა ქომაგებს, რომ მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირეს. ვულოცავ მთელ საქართველოს! როგორც იქნა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ქართული კლუბი ევროპული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

მინდა ვიკითხო: სად არის ახლა ეს ხალხი? ჩასაფრებულებს ვგულისხმობ. ალბათ, კლავიატურა გაუფუჭდათ. გამომდინარე იქიდან, თუ რა პირობებში ვითამაშეთ პირველი მატჩი, ასეთი თამაშის შემდეგ ამგვარი კრიტიკა არ შეიძლება. პირადად ჩემზე ეს არ მოქმედებს და არ მაინტერესებს მათი აზრი, მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდული გუნდია და შესაძლოა, ბევრ ახალგაზრდაზე ამან ცუდად იმოქმედოს. ამას ვერ იაზრებს ჩასაფრებული ხალხი.

ვინც დღეს სტადიონზე მოვიდა, სწორედ ისინი არიან ნამდვილი ქომაგები და მინდა მათ მადლობა ვუთხრა.

11 წლის ასაკიდან „იბერიაში“ ვთამაშობ. მეამაყება, რომ ამ გუნდის წევრი ვარ და ჩემი წვლილი შევიტანე მის წარმატებაში.

სიმართლე გითხრათ, დღეს ისეთი თამაში იყო და იმდენად ყველას ჰქონდა გააზრებული, რომ ზედმეტი საერთოდ არ გვილაპარაკია. ყველამ იცოდა, რა იყო სასწორზე და ყველას თავის თავში გააზრებული ჰქონდა, რა დონის თამაში იყო და რა წყდებოდა. ასე რომ, ბევრი საუბრის გარეშე, უბრალოდ გამოვედით და ჩვენი ხასიათი და  ბრძოლისუნარიანობა ვაჩვენეთ სტადიონზე, რამაც შედეგი გამოიღო და მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ ბიჭს, საერთოდ ყველას, ვინც ითამაშა თუ არ ითამაშა. გუნდი მარტო ის არ არის, ვინც თამაშობს, გუნდი არის მთლიანად ოცივე კაცი და მინდა ოცივეს მადლობა გადავუხადო მწვრთნელებისა და სტაფის თითოეული წევრის ჩათვლით.

ვულოცავ მთლიანად საქართველოს აბსოლუტურად ამ ისტორიის დაწერას და ამ დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, ქართული კლუბი ევროტურნირზე ითამაშებს.

ჩვენს წარმატებას სხვა ქართული კლუბები მოტივაციად მიიღებენ და ვფიქრობ, რომ სამომავლოდ უფრო მეტი ქართული გუნდი ითამაშებს ევროპული ტურნირების ჯგუფურ ეტაპზე''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვულოცავ ქართველ ხალხს ამ გამარჯვებას | დემჩენკო ლარნის დამარცხების შემდეგ
ვულოცავ ქართველ ხალხს ამ გამარჯვებას | დემჩენკო ლარნის დამარცხების შემდეგ